20.04.2014
გია გეგუჩაძე – კომენტარი "სიონთან" მარცხზე და საეჭვო მატჩების თემაზე
"ზესტაფონმა" ბოლნისის "სიონთან" მარცხით, ფაქტობრივად, ჩემპიონობის ის მცირე შანსიც დაკარგა, რაც ჯერ კიდევ ჰქონდა. გია გეგუჩაძის გუნდი მეტოქეზე დიდხანს აკონტროლებდა ბურთს, მომენტებიც მეტი ჰქონდა, მაგრამ 1:2 წააგო.
"მსოფლიო სპორტი" გეგუჩაძეს როგორც ამ მატჩზე, ასევე გარიგებულ მატჩების თემაზე შეეკითხა:
- "სიონთან" თამაშს როგორ შეაფასებდით?
- ჩვენთვის უარყოფითად. თამაშის ხარისხი ცუდი იყო და ეს შედეგშიც აისახა. ვფიქრობ, შედეგი ლოგიკურია. ამ ყველაფერს გავაანალიზებთ, რათა შემდგომში შეცდომები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
- მეორე ტაიმის საწყის 20-25 წუთში საკმაო უპირატესობა გქონდათ, თუმცა გოლი ვერ გაიტანეთ.
- სწორედ ესაა, რომ მზად უნდა ვიყოთ ასეთი დაცვის გადასალახად. ოსტატობა არ გვეყო. რაც დაგეგმილი გვქონდა, არ გამოვიდა.
- გარიგებულ მატჩებზე: თქვენი ხედვით, რა გზით უნდა წარიმართოს გამოძიება?
- კონკრეტულ არგუმენტებს ვერ ვისმენ, თუ რატომ უნდა დაისაჯონ კლუბები. ჩვენ ამ გარიგებული მატჩების შესახებ, ჭორის დონეზე გვესმის. როგორც ამბობენ, ფედერაციას ხელთ აქვს სხვა მასალები. უნდა გახმაურდეს, შინაგან საქმეთა სამინისტროც უნდა ჩაერიოს და გამოვლინდნენ დამნაშავეები. ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ.
|