Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე
 

"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის წინააღმდეგია. მისი აზრით, ეს იდეა ქართულ საკლუბო ფეხბურთს არათუ არ წაადგება, არამედ - დააზიანებს...

გია გეგუჩაძე: სიმართლე გითხრათ, ზოგადად, მიმაჩნია, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატი იდეალური ვარიანტია.

- ანუ ლიგის გაზრდის იდეა მოგეწონათ?
- მე ამას არ ვამბობ. ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი, ჩვენ რომ დალაგებული ქვეყანა ვიყოთ. მაგრამ ჩვენს პირობებში ეს ძალიან დიდი უაზრობა იქნება, რადგან მის განხორციელებას ქართული რეალობა ხელს ვერ შეუწყობს.

აბსოლუტურად მართალია "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაია 16-გუნდიანი ჩემპიონატის გამართვას რომ არ ეთანხმება...

ჩემთვის ერთი რამ არის გაუგებარი - პროექტი გამოაქვეყნეს, მაგრამ არაფერია თქმული, როდის შედის ის ძალაში. გარდა ამისა, ამ პროექტთან დაკავშირებით არაერთი ინტერვიუ წამიკითხავს, ბევრმა სპეციალისტმა გამოთქვა უარყოფითი აზრი და ჩემი აზრით, 16-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა ქართული ფეხბურთისთვის არასასურველი იქნება.

- თუ სახელმწიფო კლუბებს დააფინანსებს, არასასურველი რატომ იქნება?
- აქ არ უნდა იყოს მასობრიობაზე აქცენტი, ჩვენ ყურადღება ხარისხზე უნდა გადავიტანოთ. უმაღლესი ლიგაც გამოკვეთილად ხარისხიანი უნდა იყოს - გუნდებით, მოთამაშეებით, თამაშებით, სტადიონებისა და მოედნების მდგომარეობით. თავისთავად ცხადია, სხვაგვარად ქართული ფეხბურთით ბიზნესი არ ინტერესდება და არც დაინტერესდება.

მეორე საკითხია - ბოლოს და ბოლოს, უეფამ ევროპული ფეხბურთის დონე მოთხოვნების გამკაცრებით გაზარდა და არა წაყრუებით. ბევრი გუნდი აკმაყოფილებს საქართველოში უეფას ლიცენზირების პირობებს? რამდენს გააჩნია საკუთარი სტადიონი, ბაზა და მთლიანობაში, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა? ან ფინანსური გამჭვირვალობის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ?

ამიტომ ვამბობ: ახლა არის იმედი, რომ სახელმწიფო ფეხბურთს დაეხმარება და ამით სწორად უნდა ვისარგებლოთ, მაგრამ რაოდენობის კი არა, ხარისხის გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ.

- თქვენი აზრით, საქართველოსთვის ოპტიმალური როგორი ფორმატი იქნება?
- მიმაჩნია, რომ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, საუკეთესო მოდელია 10-გუნდიანი ჩემპიონატის ოთხ წრედ ჩატარება. ეს სეზონში 36 თამაშია. გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, იქნება ბევრი დაძაბული მატჩი, რაც მოთამაშეთა გაზრდის წინაპირობა არის. ჩვენ თუ ხარისხი არ მივიღეთ, არაფერი გამოვა.

- მეორე მხრივ, ლიგის გაფართოების მომხრეთა არგუმენტები ასეთია - ქართულ ფეხბურთს მასობრიობა მართლაც წაადგება, მეტი გუნდი და მეტი მოთამაშე დასაქმდება, მეტი ნიჭიერი მენეჯერი და მმართველი გამოჩნდება...
- კი ბატონო, ამას რა სჯობს, მასობრიობას მეც ვემხრობი, ოღონდ ქვედა ლიგებსა და ბავშვთა ფეხბურთში. უმაღლესი ლიგა საფრთხილო თემაა, მეტი დაფიქრება გვჭირდება, რადგან ის ქვეყნის ფეხბურთის სახეა და იმდენად გამორჩეული უნდა იყოს, რომ მაყურებელიც მიიზიდოს და სპონსორებიც.

უმაღლესი ლიგის გუნდებში უნდა მოდიოდნენ უკვე დაოსტატებული ფეხბურთელები. ახლა მათი დეფიციტია და გუნდებს როგორ დავაკომპლექტებთ? ასეთ ვითარებაში უმაღლესი ლიგის გაფართოება ჩვენს კრიზისს კიდევ უფრო მძაფრად გამოაჩენს.

სახელმწიფო ფეხბურთში ფულს რომ ჩადებს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პრობლემები უცებ გაქრება.

- რამდენად სერიოზულად ეკიდებით მოსაზრებას, რომ 16-გუნდიანი ჩემპიონატის იდეა ფედერაციაში არჩევნების მოახლოების გამო გახდა აქტუალური?
- შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, მაგრამ მე ზუსტად არ ვიცი, ეს ინიციატივა რატომ წამოსწიეს...

 

იბეჭდება მცირე ცვლილებებით...


მერაბ მამულაშვილი, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014