Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

05.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ბოლო წუთზე მოპოვებული გამარჯვება

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 5 აპრილს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურის მატჩები. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გამართულ ტურის დასკვნით შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ლანჩხუთის ”გურიას” უმასპინძლა.

 

იმის მიუხედავად, რომ ფეხბურთის სპეციალისტთა და გულშემატკივართა უმეტესობა დღევანდელ შეხვედრაში უპირობო ფავორიტად ზესტაფონელებს მიიჩნევდა, ლანჩხუთელებთან შეხვედრა საკმაოდ მძიმე გამოდგა და იმერელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეკრებილმა პუბლიკამ მხოლოდ არბიტრ ბაკურ ნინუას მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე იხილა ...

 

მატჩი ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო და უკვე დებიუტში კარის აღების ზედიზედ ორი შესაძლებლობა ვახტანგ ჭანტურიშვილს მიეცა - პირველ ეპიზოდში ზესტაფონელთა ნახევარმცველის უძლიერესი დარტყმა სტუმართა კარის ძელს მოხვდა, მეორე დარტყმული კი ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

 

მასპინძლები გამუდმებით უტევდნენ ლანჩხუთელთა კარს და მომენტებსაც მრავლად ჰქმნიდნენ - სულ ოდნავ დააკლდა მიზნის მისაღწევად თედო გრიგალაშვილს, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლა ოდნავ არაზუსტი გამოდგა, გიორგი ფანცულაიას სახიფათო ჩაწოდების შემდეგ კი კარგად ითამაშა გურულთა გოლკიპერმა მინდია ბობღიაშვილმა.

 

მეორე ტაიმის პირველივე წუთზე სტუმართა კარის დარაჯს კიდევ ერთხელ მოუწია საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება - ბობღიაშვილმა ნიკა საბანაძის უძლიერესი დარტყმა მოიგერია. მალევე გიორგი ფანცულაია დაემუქრა სტუმართა კარს, თუმცა მასპინძელთა ახალგაზრდა ფორვარდის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. იქვე, გიორგი კუხიანიძის შორიდან გასროლის შემდეგ, ბურთი კიდევ ერთხელ მოხვდა ლანჩხუთელთა კარის ძელს...

 

გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო ლევან შარიქაძე, რომელსაც მინდია ბობღიაშვილმა ჯერ სახიფათო თავური, შემდეგ კი ახლოდან უძლიერესად დარტყმული სასწაულებრივად აუღო. მიზანთან ახლოს იყვნენ თორნიკე კაპანაძე, ავთო ენდელაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილი... სტუმართა მეკარესთან პირისპირ გასული თეიმურაზ ღონღაძის დარტყმის შემდეგ კი ბურთმა მესამედ "მოძებნა" ლანჩხუთელთა კარის ძელი...

 

მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე მარგველებმა წამოიწყეს კიდევ ერთი მწვავე შეტევა, რომლის დასკვნით ნაწილში სტუმართა ერთ-ერთმა მცველმა ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელით შეაჩერა, თუმცა არბიტრმა მასპინძელთათვის მხოლოდ კუთხურის ჩამოწოდების უფლება "გაიმეტა". კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდების შემდეგ, მას ავთო ენდელაძე დაეუფლა და რომ არა მცირე უზუსტობა, იმერელ ნახევარმცველს ნამდვილად შეეძლო თავის გამოჩენა ...

 

შეხვედრის მეორე ნახევრის განმავლობაში სტუმრები სათამაშო ტემპის დაგდებასა და მატჩის არასასურველი სცენარით მიმდინარეობის სათავისოდ შემოტრიალებას საკუთარი სამედიცინო შტაბის მოედანზე ხშირი "გამოძახებით" ცდილობდნენ. აქედან გამომდინარე, ბაკურ ნინუამ ძირითად დროს 6 წუთი დაუმატა...

 

ზესტაფონელი ქომაგების შეძახილებით შეგულიანებული მასპინძლები გადამწყვეტ შტურმზე გადავიდნენ და მეორე დამატებულ წუთზე მიზანს მიაღწიეს კიდეც - ვახტანგ ჭანტურიშვილის სახიფათოდ დარტყმული სტუმართა მეკარემ უხერხულად მოიგერია და ლევან შარიქაძემ ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა ნახევარმცველის დარტყმულმა მიმართულება სტუმართა მცველ ლევან ქურდაძის ფეხთან კონტაქტის შემდეგ შეიცვალა.

 

მასპინძლებმა დღევანდელი შეხვედრის ბოლო წუთებიც შეტევაში გაატარეს და გრიგოლ დოლიძის დარტყმის შემდეგ ბურთი მეოთხედ მოხვდა ლანჩხუთელთა კარის ძელს. მალევე არბიტრის საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა და ზესტაფონელთა მძიმე, თუმცა ძალიან საჭირო გამარჯვება დააფიქსირა - 1-0.

 

 

05.04.2014. ”ზესტაფონი” - ”გურია” (ლანჩხუთი) 1-0

დაწვრილებით:

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 12 აპრილს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეექვსე ტურის მატჩში მარგველები საჩხერეს საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლებენ ...

გამოყენებულია ბესიკ წაქაძის და უეფას ოფიციალური გვერდის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014