02.04.2014
ინტერვიუ რენე ფერეირა დოს სანტოსთან
21 წლის ბრაზილიელი რენე ფერეირა, ბევრის აზრით, საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. გასულ წრეში ის "ზესტაფონის" ქომაგთა რჩეული ფეხბურთელი გახდა, რაც ცოტას არ ნიშნავს. რენე პოზიციურად კარგად თამაშობს, მცველის კვალობაზე საკმაოდ ტექნიკურია, რაც საფეხბურთო გურმანებს ძალიან მოსწონთ.
"მსოფლიო სპორტი" რენე ფერეირას ესაუბრა. ინტერვიუ "ზესტაფონის" თარჯიმან ბექა ქებულაძის მეშვეობით მოხერხდა, რისთვისაც მას მადლობას ვუხდით:
- ზაფხულიდან თამაშობთ "ზესტაფონში". როგორ შეეგუეთ აქაურობას? რა მოგწონთ და რა - არა?
- მთლიანობაში, მომწონს საქართველო. თავიდან შეჩვევა გამიჭირდა, რადგან ახალი გუნდი იყო, ენობრივი ბარიერი არსებობდა. ახლა ყველაფერი დალაგდა, გუნდსაც შევეჩვიე და მოხარული ვარ, რომ "ზესტაფონში" ვთამაშობ. ჩვენ წარმატებით ვთამაშობთ და მატჩების უმეტესობას ვიგებთ.
- იგივე კითხვა, ოღონდ საქართველოს ჩემპიონატზე. რომელ დადებით მხარეს გამოარჩევდით ჩვენს ჩემპიონატში?
- სადღეისოდ კმაყოფილი ვარ "ზესტაფონის" მომზადების დონით. ჩემპიონატს რაც შეეხება, ყველაფერი შეიძლება განვითარდეს და მათ შორის, საფეხბურთო დონეც.
- "ზესტაფონი" რამდენად ესადაგება თქვენს სტილს – მოხვდით იმ გუნდში, რომელიც თქვენი გემოვნების შესაბამის ფეხბურთს თამაშობს?
- ბრაზილიელს შეტევა როგორ არ უნდა უყვარდეს... მეც ასე ვარ და ძალიან სასიამოვნოა, რომ "ზესტაფონს" სწორედ ეს კურსი აქვს არჩეული: ბურთის კონტროლი, შეტევა, გოლებისკენ მისწრაფება.
- ამპლუით საყრდენი ნახევარმცველი ხართ, მაგრამ '”ზესტაფონში" წლევანდელ მატჩებში მუდმივად ცენტრალურ მცველად თამაშობთ. თქვენთვის უფრო ხელსაყრელი პოზიცია რომელია?
- მუდამ ნახევარდაცვაში ვიყავი, მაგრამ მცველობა ძალიან მომეწონა და ახლა უკვე ცენტრალურ მცველად მირჩევნია თამაში.
- "გრემიოში" იყავით, საიდანაც იაპონიის "კავასაკიში" გადახვედით და ერთი წლის შემდეგ მოხვდით "ზესტაფონში". როგორ მოხერხდა თქვენი საქართველოში ჩამოსვლა?
- განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. სკაუტებმა შემამჩნიეს და იაპონიაში მიმიწვიეს, სადაც შემდეგ მწვრთნელი შეიცვალა, მე კი ბრაზილიაში დავბრუნდი. სამშობლოში ვიყავი, როცა აგენტმა "ზესტაფონისგან" ინტერსზე მაცნობა. ვერ ვიტყვი, თითქოს ბევრი რამ ვიცოდი საქართველოს შესახებ, მაგრამ დავინტერესდი, ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაციები და აღმოჩნდა, რომ ნორმალურ, ამბიციურ კლუბზე იყო ლაპარაკი.
- "ზესტაფონის" გარდა, რაიმე სხვა ვარიანტი გქონდათ?
- საფრანგეთის დაბალი ლიგის გუნდზე მითხრეს, მაგრამ ვარჩიე ის კლუბი, რომელიც თავის ქვეყანაში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოდა. ფეხბურთელის კარიერა ძნელად პროგნოზირებადია. დღეს აქ ხარ, ხვალ შეიძლება სხვა კლუბში მოგიწიოს თამაში, მაგრამ სადღეისოდ "ზესტაფონში" ყოფნით კმაყოფილი ვარ: პროფესიონალური გარემოა, დღითიდღე ვითარდება გუნდი და ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში საუკეთესონი ვიყოთ. ასევე, ევროტურნირებზეც ღირსეულად უნდა ვითამაშოთ.
- ევროტურნირებზე უფრო კონკრეტულად. როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს "ზესტაფონს"?
- თამაშის ხარისხი მატულობს, ეს აშკარად ჩანს. ვფიქრობ, ამ მწვრთნელთა შტაბით და ფეხბურთელთა ამ კონტიგენტით წინსვლას გავაგრძელებთ და ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლასაც შევძლებთ.
- "დინამოსთან" გასული ტურის მატჩი შეაფასეთ.
- კარგი თამაში იყო, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავდა. მიმაჩნია, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და რომ არა ის ერთი მომენტი, როცა დინამოელთა ფორვარდმა (ოთარ მარცვალაძემ) მშვენიერი გოლი გაიტანა, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართებოდა. ნამდვილად არ იყო წასაგები მატჩი.
- მანამდე 7-მატჩიანი მოგებათა სერია გქონდათ, თანაც, გაშვებული გოლის გარეშე. რამ გამოიწვია "ზესტაფონის" ასეთი პროგრესი?
- ჩემპიონატი მძიმედ დავიწყეთ, მაგრამ ახალი სამწვრთნელო შტაბის მოსვლის შემდეგ, გუნდი სხვაგვარად ათამაშდა. პროფესიონალი, ჭკვიანი მწვრთნელები გვყავს და მოხარული ვარ, რომ მათთან ვმუშაობ. მათ გუნდს რწმენა შემატეს და ალბათ, ეს იყო უმთავრესი ფაქტორი.
- თამაშობდით "გრემიოში", რომელიც რონალდინიოს მშობლიური კლუბია. რომელ ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელებთან ერთად გითამაშიათ?
- რამდენიმე ასეთი იყო. მაგალითად, "ბარსელონაში" ნათამაშევი ფაბიო როშემბაკი, ასევე ანდრე ლიმა.
- მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება და სამშობლოში, არდადეგებისას მატჩებზე დასწრებას აპირებთ?
- მე ქალაქ სალვადორში დაბადებულ-გაზრდილი ვარ, სახლი იქ მაქვს და გამიმართლა, რომ მუნდიალზე ჯგუფში საუკეთესო მატჩები სწორედ იქ გაიმართება: ესპანეთი-ჰოლანდია და გერმანია-პორტუგალია. ძალიან მინდა, რომ ამ მატჩებს ტრიბუნიდან ვუყურო.
- საქართველოში თავისუფალ დროს როგორ ატარებთ? საყვარელი ადგილი რომელია?
- ბრაზილიელებს გართობის მხრივ არ გვიჭირს. განსაკუთრებით? როგორც ყველა ბრაზილიელს, მეც მიყვარს სიმღერა და ცეკვა. კარაოკე მიყვარს. მოკლედ, განტვირთვას ვახერხებ და საბედნიეროდ, ძალიან მეგობრული, მხიარული თანაგუნდელები მყავს. დანარჩენი დრო კი, ვარჯიში, თამაში, პროფესიონალიზმი. გართობა მხოლოდ თავისუფალ დროს.
- თქვენი აზრით, მენტალურად, ქართველები და ბრაზილიელები ერთმანეთს ჰგვანან?
- ბევრი განსხვავებაა, მაგრამ საერთოც ბევრი აღმოვაჩინე. ქართველებს ბრაზილიელებივით უყვართ ერთად დროის გატარება, ხმაურიანი ადგილები, მხიარულობა. კომუნიკაბელურები ვართ.
- მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალურ მცველად ვის მიიჩნევთ?
- ტიაგო სილვას.
|