Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.04.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ლელოს" პუბლიკაცია

 

საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" თბილისში საწვრთნელ ბაზას აშენებს

 

 

 

 

 

 



ქართულ-უკრაინულმა კომპანია "ლაუნს ოფ ჯორჯიამ" იმერულ კლუბს ერთი ბაზა ზესტაფონის მახლობლად თითქმის უკვე აუშენა და მეორეს კი ახლა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებს.

დიახ, ნუ გაიკვირვებთ, "ზესტაფონმა" უკვე იმ დონეს მიაღწია, რომ საკუთარი საწვრთნელი ბაზა, იმერის გარდა, ამერშიც ექნება. ამ კლუბის ხელმძღვანელობის საქმიანობა სამაგალითოა იმ ხალხისთვის, ვინც კლუბებისთვის, ბაზის მშენებლობას ვინ ჩივის, ფულს ელემენტარული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის იშურებს. "ზესტაფონის" მაგალითი კი სოლიდური ევროპული კლუბებისკენ მიმავალი გზის დასაწყისს ნიშნავს...

თბილისის ზღვაზე ზესტაფონელები ლიხსაქეთა მატჩებისთვის მოემზადებიან, ზესტაფონის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიაზე კი - ლიხსიქითა შეხვედრებისთვის.

თბილისის ზღვაზე სამუშაოები რამდენიმე კვირის წინათ დაიწყო. სადღეისოდ, მშენებლობა ბიუროკრატიული ბარიერების გამო შეჩერებულია, მაგრამ "ზესტაფონში" იმედოვნებენ, რომ სამუშაოები მალე განახლდება. დანარჩენს კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი გვიამბობს:

" წლებია "ზესტაფონს" აღმოსავლეთ საქართველოში გასამართი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნორმალური პირობები არ ჰქონდა. ინფრასტრუქტურული პრობლემები ჩვენს ქვეყანაში ახლაც ძალიან მტკივნეული თემაა. ხშირ შემთხვევაში, უხარისხო მოედნებზე გვიწევდა მომზადება, რაც თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახებოდა.

კლუბის ხელმძღვანელობის ძალისხმევით "ზესტაფონმა" ერთი ბაზა თავისსავე ქალაქში უკვე აამოქმედა და მატჩებისთვის უმაღლესი ხარისხის მოედანზე ემზადება, მალე კი გუნდი მომზადებას უკვე თბილისშიც შეძლებს. გეგმის მიხედვით, ზაფხულში კლუბის განკარგულებაში უკვე ორი მოედანი უნდა იყოს.

 

ახლა ნიადაგის გასწორებასთან დაკავშირებული საკმაოდ ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ახალი ბაზის ამოქმედების შემდეგ კი გუნდი აღმოსავლეთ საქართველოში დაგეგმილი მატჩებისთვის თბილისის ზღვაზე მოემზადება, დასავლეთში გასამართი მატჩებისთვის კი - მშობლიურ ქალაქში.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საკმაოდ კომპეტენტურ უკრაინელ სპეციალისტებთან, რომლებიც ზესტაფონის ბაზაზე მინდვრების მოწესრიგებაშიც მონაწილეობენ. სიტყვამ მოიტანა და, ზესტაფონურ ბაზაზე სამივე მინდორი ისეთ მდგომარეობაშია, რომ იქ ვარჯიში მთელი დატვირთვით შეიძლება. ძალიან კმაყოფილები ვართ მათი ხარისხით, თუმცა საცხოვრებელი კორპუსი ჯერაც დაუსრულებელია...

 

მსგავსი ტიპის საცხოვრებელი თბილისურ ბაზას არ ექნება. გასახდელებისა და მცირე ზომის ტრიბუნების აშენება კი, ცხადია, იგეგმება... თბილისის ზღვაზევეა გათვალისწინებული ბავშვთა აკადემიის ამოქმედებაც.

ზესტაფონიდან თბილისში ბევრი ოჯახია წასული და გვსურს, ამ ბაზით ეს რესურსიც ავითვისოთ და თბილისში მცხოვრებ ზესტაფონელ ბავშვებს ვარჯიშის საშუალება მშობლიური კლუბის აკადემიაში მივცეთ. სხვათა შორის, ზესტაფონში ბავშვთა ფეხბურთი უფასოა და, იმედია, ამის განხორციელებას ჩვენი კლუბი თბილისშიც შეძლებს".

 

კობა ინასარიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014
q