2014 წლის 29 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ოცდამეოთხე ტურის მატჩები. თბილისის სტადიონმა "დინამო-არენამ" მიმდინარე პირველობის ლიდერთა, ადგილობრივი "დინამოსა" და საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” შეხვედრას უმასპინძლა. მატჩი დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით მინიმალური ანგარიშით 1-0.
"ცხრილიდან გამომდინარე, “ზესტაფონს” ფრე არ აწყობდა, ამიტომაც უფრო ჩქარობდა, უფრო მეტ დროს უთმობდა შეტევებს. ეს პირველ ტაიმზე ითქმის, როცა იმერლებს ბურთის ფლობაში ჰქონდათ უპირატესობა, თუმცა ბურთის ფლობა ერთია, მწვავე შეტევები კი – მეორე. “დინამო” დაცვაში მწყობრად თამაშობდა და საყრდენი ნახევარმცველებიც კარგად ასრულებდნენ საქმეს.
საწყის 45 წუთში ერთი საგოლე მომენტიც კი არ შექმნილა. დაძაბული თამაში მიმდინარეობდა და ბურთი მეტწილად მოედნის შუაში ტრიალებდა. ჩისკოს ჰქონდა მცდელობა გატანისა, მაგრამ მცველებმა დაუფარეს, ხოლო “ზესტაფონიდან” ლევან შარიქაძის აცილებულს გამოვარჩევდით.
საინტერესოა, რომ “ზესტაფონი” ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით (ნიკა საბანაძე) თამაშობდა და თითქოს მოსალოდნელი იყო, რომ გია გეგუჩაძე მეორე ნახევარში დიმიტრი ტატანაშვილს შეუწყვილებდა, თუმცა ტატანაშვილი მხოლოდ 86-ე წუთზე შეიყვანა მინდორზე. გეგუჩაძემ მიზეზი პრესკონფერენციაზე თქვა.
მეორე ტაიმი უკეთესი გამოდგა სანახაობრივად და ეს მიუხედავად იმისა, რომ წვიმა გაძლიერდა. 50-ე წუთზე ირაკლი ძარიამ შორიდან ძლიერი დარტყმით ააცილა, ერთ წუთში კი საბანაძემ ვერ მიიღო საჯარიმოში ბურთი – არადა, რომ მიეღო, ალბათ, იოლად გაიტანდა ახლო მანძილიდან. მალევე, რევაზ გეწაძემ ააცილა შორიდან.
მეორე ნახევრის საწყის 15 წუთში “ზესტაფონი” უპირატესობას ფლობდა, შემდეგ კი დინამოელებმა გამოასწორეს თამაში და ბოლო 30 წუთი აშკარად უკეთ ჩაატარეს. გოლს რაც შეეხება, ოთარ მარცვალაძემ, როგორც იტყვიან, შეასრულა: მან საჯარიმოში ზურგით მდგომმა მიიღო ბურთი, უცებ მოასწრო მოტრიალება და მომენტალურად შორეულ კუთხეში გაუტანა პავლოვიჩს – 1:0.
“ზესტაფონს” ერთ წუთში შეეძლო გათანაბრება, როცა მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს ნიკა საბანაძე ერთი შეხებით გზავნიდა კარში, თუმცა გიორგი ლორიამ აიღო...
და კიდევ, ორივე გუნდის ფან-კლუბმა გაალამაზა მატჩი: მხურვალედ უჭერდნენ მხარს თავიანთ საყვარელ გუნდს, თუმცა ვისურვებდით, რომ ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩს მეტი გულშემატკივარი ეწსრებოდეს.
მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე: “დინამოს” ვულოცავ. როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული მატჩი გამოდგა. ასეთ შეხვედრებში 90 წუთი კონცენტრირებული უნდა იყო, ჩვენ კი მოვდუნდით. გოლის მერე კი, ვერ ვიტყვი, რომ კარგად ვთამაშობდით, თუმცა საგოლე მომენტი გვქონდა. საბოლოო ჯამში გამოჩნდა, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.
...ჩვენი პროგრამა-მინიმუმი ევროტურნირებზე გასვლაა. ასეთია ამ სეზონში პროგრამა-მაქსიმუმიც. დიმიტრი ტატანაშვილისთვის მცირე დროის დათმობას რაც შეეხება, ვეცადეთ, რომ შუაში რიცხობრივი უპირატესობა გვქონოდა და ამიტომაც, ნახევარდაცვის გაძლიერებაზე გავაკეთეთ აქცენტი.
მალხაზ ჟვანია: “დაძაბული თამაში იყო. “ზესტაფონს’ წლეულს ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული და ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა ბურთის ფლობაში, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელით, მეორე ნახევარში შეტევას მეტი დრო დავუთმეთ და გოლიც გავიტანეთ”."