2014 წლის 21 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ XXV ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე კლუბებს მიმდინარე პირველობის მეორე ეტაპის კალენდარი დაუგზავნა. მარგველთათვის სეზონის გადამწყვეტი ნაწილი რუსთავის "მეტალურგთან" 25 მარტს გასამართი საშინაო შეხვედრით დაიწყება.
მეორე ეტაპის მეორე მატჩს კი მარგველები სულ რაღაც ოთხ დღეში, 29 მარტს, ჩაატარებენ - თბილისში, "დინამო-არენაზე", ერთმანეთს საქართველოს ბოლო წლების ჩემპიონები, თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" დაუპირისპირდებიან. ამის შემდეგ მარგველებს ზედიზედ ორი საშინაო მატჩი ელით - 5 აპრილს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონს ლანჩხუთის "გურია", ხოლო 12 აპრილს საჩხერის "ჩიხურა" ესტუმრებიან. რაც შეეხება მეორე ეტაპის პირველი წრის დასკვნით დაპირისპირებას, ის 19 აპრილს თბილისში გაიმართება - "ზესტაფონს" ბოლნისის "სიონთან" მორიგი შეხვედრა ელის.
მეორე ეტაპის მეორე წრე სტარტს 27 აპრილს აიღებს. ამ დღეს რუსთავის სტადიონი "ფოლადი" ადგილობრივი "მეტალურგისა" და ჩვენი გუნდის მატჩს უმასპინძლებს. 3 მაისს ქვეყნის ორგზის ჩემპიონი იმერლები საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბ თბილისის "დინამოს" უმასპინძლებენ. 7 და 11 მაისს "ზესტაფონს" ლანჩხუთსა და საჩხერეში გასამართი ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი ელით. XXV ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი, 32-ე ტურის შეხვედრაში კი ზემოიმერლები ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებენ, ეს მატჩი 17 მაისს გაიმართება.