18.03.2014
გია გეგუჩაძე: ერთად ვნახავთ, რაც გამოგვივა
|
|
ზამთრის შესვენების შემდეგ საქართველოს ორგზის ჩემპიონი "ზესტაფონი" ქვეყნის პირველობის განახლებას ისე შეხვდა, ქომაგი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა... თუმცა, მადა ჭამაში მოდისო, ბრძენს ტყუილად არ უთქვამს - ზესტაფონელები ახლა ხომ მართლაც უკეთესზე ფიქრობენ და შინაურ ლაპარაკში გამოურევენ კიდეც - ასეთი გუნდით ჩემპიონობაც შეიძლებაო...
ჯერ ერთი, ამის თქმის საბაბი ზემოიმერლებს თბილისის "დინამოსთან" შემცირებულმა დისტანციამ მისცა (ახლა პირველ-მეორე ადგილებს შორის სხვაობა 8 ქულაა). იანვრის შემდეგ მოქმედი ჩემპიონი არასტაბილურად თამაშობს, ხოლო "ზესტაფონმა", თავის მხრივ, თამაშის ხარისხი მაღალ დონეზე აიყვანა.
გია გეგუჩაძის შეგირდებზე, ციდან ვარსკვლავებს წყვეტენო, ნამეტანი გადაჭარბებული ნათქვამი გამოგვივა, თუმცა ფაქტი კია - 22 თებერვლიდან მოყოლებული, "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონატში 5 მატჩი ჩაატარა და ხუთივე ისე მოიგო, გოლი არ გაუშვია - ერთმანეთის მიყოლებით "სპარტაკს", "ზუგდიდს" (ორივე - 3:0), "ვიტ ჯორჯიას", "მერანსა" (ორივე - 2:0) და ბოლოს "სიონს" მოუგო (1:0 თბილისში).
გეგუჩაძის გუნდს ამ 10-დღიანმა პაუზამაც კარგ დროს მოუსწრო - მეორე ეტაპი 25 მარტს იწყება და ეს დრო სულის მოსათქმელად საკმარისი იქნება. ამ დღეს "ზესტაფონი" "მეტალურგს" უმასპინძლებს, რომელმაც ზეექვსეულში მოხვედრა კარის მიხურვამდე 21 წუთით ადრე გაინაღდა. 25 მარტამდე კი საქართველოს თასის გათამაშების საპასუხო მეოთხედფინალები გაიმართება. აქ "ზესტაფონი" თავისუფალია, რადგან მერვედფინალიდან "სიონმა" დაითხოვა.
საჩემპიონო რბოლისთვის უკეთეს ფორმაში რომ იყოს, თასის მიღმა დარჩენა "ზესტაფონისთვის", ეგებ, უკეთესიც იყოს, თუმცა გეგუჩაძე ჯერ მეორე ეტაპის კალენდარს ელის. დასკვნითი ეტაპის სრულ კალენდარზე კი წარმოდგენა ჯერჯერობით ცოტას თუ აქვს.
"გეთანხმებით, თასიდან გავარდნა გუნდს ჩემპიონატში სათამაშოდ მოტივაციას უზრდის და იქნებ სიმსუბუქე კონკურენტებზე მეტხანს შევინარჩუნოთ, მაგრამ, რაც მთავარია, ჯერ ჩემპიონატის კალენდარი არ ვიცი და, შესაბამისად, ვერც იმას გეტყვით, თასიდან გავარდნა ჩემპიონატში ჩვენს თამაშზე როგორ აისახება.
თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, "ზესტაფონი" ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე შესაძლებლობათა მაქსიმუმით ითამაშებს და ერთად ვნახავთ, რაც გამოგვივა", - გვითხრა გია გეგუჩაძემ, რომელსაც თბილისში "სიონთან" მოგების შემდეგ გამოველაპარაკეთ, მერე კი სიტყვა გაგვიგრძელდა და სხვა საკითხებსაც გადავწვდით...
მაგალითად, ვთქვით ის, რომ "ზესტაფონს" რატომღაც კონცენტრაცია მატჩის ბოლომდე არ ჰყოფნის და ფეხბურთელები (უფრო ხშირად - მცველები) ისეთ შეცდომებს უშვებენ, ერთხელაც იქნება, დაისჯებიან. "სიონთან" მატჩის ბოლო წუთებზეც და იქამდეც, ზესტაფონელებმა მეტოქეს ისეთი საჯარიმოები უბოძეს, მადლობა თქვან, რომ ვერ გამოიყენეს და ბოლო 5 მატჩის სტატისტიკა უარესობისკენ არ შეცვალეს.
"სამწუხაროდ, ასეა, მატჩის ბოლოს კონცენტრაციას მართლაც ვკარგავთ. რისი ბრალია? რა გითხრათ...
გუნდის ასაწყობად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ასეთი ელემენტარული შეცდომებისთვის რომელიმე მეტოქე დაგვსჯის და, შესაძლოა, 3 ქულის ფასადაც დაგვიჯდეს.
ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, ამინდის ცვალებადობის ბრალიცაა, რომ ფეხბურთელები მატჩს ისევე მობილიზებულნი ვერ ამთავრებენ, როგორც იწყებენ. "სიონთან" მატჩისას ფეხბურთელებმა ის ტემპიც ვერ შეინარჩუნეს, რომლითაც ჩვეულებრივ ვთამაშობთ კიდეც. თუმცა, კარგი იყო ის, რომ ერთადერთი გოლის გატანა სწორედ ამ პირობებში მოვახერხეთ".
ბევრი სამუშაო გვაქვსო, თქვა გეგუჩაძემ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მის მიერ გაწვრთნილ გუნდს წლეულს საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, საპირისპიროდ კი 11 გაიტანა. თუმცა "ზესტაფონის" მწვრთნელს კარგად ესმის, რომ ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარია გაკეთებული, მთავარი ამბები ახლა იწყება.
"ემოციებს არ უნდა ავყვეთ. ცხადია, კარგია, რომ ზეექვსეულში ვართ, მაგრამ კარგად გვესმის, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპი სწორედ ახლა იწყება.
კარგია ისიც, რომ ხუთ შეხვედრაში გოლი არ მიგვიღია, მაგრამ ამით არ უნდა მოვდუნდეთ, რაც უნდა იყოს, ჯერ ჩვენ ჩემპიონატის მხოლოდ ხუთ გუნდს ვეთამაშეთ. ზეექვსეულში კი სხვა ოთხ გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება.
"დინამო", "ჩიხურა", "გურია", მეტალურგი" - "სიონის" გარდა, ზეექვსეულში ამ გუნდებსაც შევხვდებით და კარს მათთან მატჩების დროსაც თუ მშრალად შევინახავთ, ძალიან გამიხარდება", - გვითხრა "ზესტაფონის" მწვრთნელმა.
დანარჩენი 25 მარტის შემდეგ გამოჩნდება. ისე კი, რამდენიმე კვირის წინ გია გეგუჩაძეს ნათქვამი აქვს, რომ მისი გუნდის მიზანი ევროსაგზურისთვის ბრძოლაა და საამისოდ, გუნდი თითქმის შესაფერისადაა დაკომპლექტებული.
ჩემპიონობაზე მაშინ ლაპარაკი არ ყოფილა, თუმცა ხომ ვთქვით, რომ მადა ჭამაში მოდის და... რა იცი, რა ხდება...
|