Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

16.03.2014

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ეტაპის დასკვნითი შეხვედრა

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 16 მარტს საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, რიგით ოცდამეორე ტურის მატჩები გაიმართა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

 

მიმდინარე პირველობის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე პოზიციებზე მყოფი ზესტაფონელებისა და ბოლნისელების შეხვედრა სტუმარ იმერელთა სწრაფი გოლით დაიწყო - "სიონის" კართან დანიშნული კუთხური მარგველებმა სწრაფად გაითამაშეს, რევაზ გეწაძემ ბურთი ჩააწოდა ქვემოქართლელთა საჯარიმოში, სადაც ყველას ზაზა ჭელიძემ დაასწრო და მაღალ ნატომში ის მასპინძლეთა კარის ბადეში გადაგზავნა.

 

ანგარიშის გახსნის შემდეგ თამაში ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდაც შეეძლოთ. გამოსარჩევია გიორგი ჭანკოტაძის ძალიან სახიფათო, მაგრამ ოდნავ არაზუსტი დარტყმული. ტაიმის ბოლოსკენ ნომინალური მასპინძლებიც გააქტირუდნენ, თუმცა იმერელთა დაცვამ ყურადღებით ითამაშა და ბოლნისელებს საკუთარ კართან განსაკუთრებული ხიფათის შექმნის საშუალება არ მისცა.

 

მეორე ტაიმი უფრო თანაბარი გამოდგა - ბოლნისელებს სამი ქულის დათმობა არ უნდოდათ, სტუმრები კი ფრთხილობდნენ და თავის შანსის პოვნას სწრაფ კონტრიერიშებში ლამობდნენ. "ზესტაფონს" ანგარიშის შეცვლის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცა, თუმცა სტუმართა საჯარიმოში მყოფი თეიმურაზ ღონღაძის დარტყმული არაზუსტი გამოდგა, ხოლო "სიონის" გოლკიპერთან პირისპირ გასულ გრიგოლ დოლიძეს მირზა მერლანმა არ გაატანინა.

 

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მატჩის დასკვნით ნაწილს მცირე დაძაბულობის ელფერი შესძინა. ბოლნისელებმა მატჩის მიმდინარეობაში გარდატეხის შეტანა სცადეს, მაგრამ თუ არ ჩავთვლით სტანდარტული მდგომარეობებიდან შესრულებულ რამდენიმე მაღალ ჩაწოდებას, რომლებსაც ბოიან პავლოვიჩი და ზესტაფონელთა დაცვის ხაზი იოლად გაუმკლავდნენ, იმელელთა კართან განსაკუთრებული არაფერი შეუქმნიათ. მეტიც, მატჩის მიწურულს რევაზ გეწაძის მიერ შესრულებული დარტყმა ოდნავ ზუსტი რომ გამომდგარიყო, ანგარიში სხვაგვარი იქნებოდა. მორიგი გამარჯვება, ამჯერად ანგარიშით 1-0.

 

საინტერესოა, რომ საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატის ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო და იმის გათვალისწინებით, რომ სატურნირო ცხრილში ზესტაფონელთა მეზობლებმა ქულები დაკარგეს, მარგველებმა მიმდინარე პირველობის პირველი ეტაპი მეორე პოზიციაზე დაასრულეს.

 

 

16.03.2014. ”სიონი” (ბოლნისი) - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური მადლობას უხდის გიორგი ჯიქიას (Geosports.ge) ფოტომასალის მოწოდებისთვის!

გამოყენებულია ბესიკ წაქაძის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014