12.03.2014
ინტერვიუ გიორგი ჭანკოტაძესთან
საკუთარი ქალაქის გუნდში თამაში სულ სხვა სიამოვნებაა
|
|
ანდრო ჟორდანიას ნათქვამია - პასის მომგონს ძეგლი უნდა დავუდგათო. ზუსტი და უდავო შეფასებაა. ფეხბურთი კარგი პასითა და მისი წყალობით გატანილი გოლით ფასდება.
იყო დრო, ქართული ფეხბურთი სავსე იყო მოთამაშეებით, რომელთაც ჩინებული პასები ეხერხებოდათ. აღარაფერს ვამბობთ დავით ყიფიანზე; ახლო წარსულშიც - გიორგი ქინქლაძისა და გოჩა ჯამარაულის ჩრდილში ხშირად ძალიან კარგი მოთამაშეები "იჩაგრებოდნენ", მაგალითად - გიორგი დარასელია, გიორგი ანჩაბაძე...
ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ნაკრების ლამის ყველა ნახევარმცველს შეეძლო ერთი მოხდენილი პასით თავდამსხმელის მეკარესთან პირისპირ დატოვება...
საქართველოში ჩამოსულმა "ლოკერენის" სკაუტმა გვითხრა კიდეც - ყველა ქვეყანა საფეხბურთო ბაზარზე რაღაც გამორჩეულით უნდა დამკვიდრდეს, ქართველებს კი შეგიძლიათ, ევროპა ხარისხიანი ცენტრალური ნახევარმცველებით მოამარაგოთო.
მაგრამ ბოლო წლებში უცნაური ამბები ხდება. არათუ ეროვნულ ჩემპიონატში, საქართველოს ნაკრებშიც თითქმის ვერ ნახავთ მოთამაშეს, რომელსაც ხარისხიანი გადაცემის გაკეთება შეუძლია...
"ზესტაფონის" ნახევარმცველი გიორგი ჭანკოტაძე ამიტომაც გამოვარჩიეთ. გია გეგუჩაძის გუნდმა მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და უპირატესობის მიუხედავად, გოლი ვერა და ვერ გაჰქონდა. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მოედანზე ჭანკოტაძე გამოჩნდა.
22 წლის ნახევარმცველი მწვრთნელმა 67-ე წუთზე შეუშვა. დარჩენილ დროში ჭანკოტაძემ მატჩის მსვლელობა შეცვალა - იყო ძალიან აქტიური და გუნდი აზრიანადაც აათამაშა. სწორედ მისი ჩინებული გადაცემებით მოახერხეს საბანაძემ და დოლიძემ მარტვილელთა კარის აღება - ახალგაზრდა ნახევარმცველმა ორივე მათგანი რამდენიმე მცველს შორის მოძებნა.
ჭანკოტაძემ კიდევ ერთი ეფექტური გადაცემა გააკეთა, თავდამსხმელი მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მისმა თანაგუნდელმა ამ ძღვენით ვერ ისარგებლა.
ჭანკოტაძემ "ზესტაფონში" წლეულს 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ის ამბობს, რომ მთავარ მწვრთნელად გეგუჩაძის დაბრუნებამ იმედი გაუჩინა.
"მარტვილელებთან ძალიან მძიმე შეხვედრა იყო. მოედანზე იმ დროს შევედი, როცა მდგომარეობა დაიძაბა, მოგება კი ჰაერივით გვჭირდებოდა.
ჩვენი გულშემატკივარი დამეხმარა. მოედანზე უნდა იყო, რომ ეს ყველაფერი განიცადო. მათ ძლიერი თანადგომა იციან.
გეგუჩაძის ხელში "ზესტაფონი" ყოველთვის ცდილობს, "პირველ ნომრად" ითამაშოს. მეტოქეები ჩვენს სტადიონზე "ჩაკეტილი" თამაშით გვიპირისპირდებიან. ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა ზურაბ იონანიძემ კი "მერანი" აშკარად შეცვალა და, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ ასეთ წინააღმდეგობას გაგვიწევდნენ.
შესაძლოა, მწვრთნელის ჩანაფიქრი სრულად ვერ გადავიტანეთ მოედანზე და გულშემატკივარი მატჩის ბოლომდე ვანერვიულეთ, მაგრამ მეტოქეს მაინც ვაჯობეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. მიხარია, რომ ამ მოგებაში ჩემი პატარა წვლილიცაა", - ამბობს ჭანკოტაძე.
რაც უნდა უცნაურად გეჩვენოთ, მთავარ გუნდში ჭანკოტაძე ერთადერთი ზესტაფონელია:
"საკუთარი ქალაქის გუნდში თამაში სულ სხვა სიამოვნებაა, მით უფრო, თუ შენს ქალაქელებს ახარებ.
მე "ზესტაფონის" გაზრდილი ვარ, 16 წლისა მთავარ გუნდში სწორედ გია გეგუჩაძემ ამიყვანა და ძალიან დიდი როლიც ითამაშა იმაში, რომ დღეს ფეხბურთს ვთამაშობ. მისგან ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რაც კარიერაში წამადგება.
გეგუჩაძის წასვლის შემდეგ გუნდს ვეღარ შევეწყვე, განათხოვრებით ბოლნისის "სიონშიც" წავედი, მაგრამ ვერ გავჩერდი. მისმა დაბრუნებამ გამახარა, გუნდსაც კვლავ გაუჩნდა ამბიცია და გულწრფელად ვამბობ - აქ მე ყველაფერი მაკმაყოფილებს. იმედია, ქომაგებისა და მწვრთნელის ნდობას გავამართლებ".
22 წლის ნიჭიერ მოთამაშეს არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია:
"დიახ, ასეა, არც ერთ ნაკრებში არ მითამაშია. მიზეზად სხვადასხვა რამ მესმოდა. ამაზე ლაპარაკიც არ მინდა. ბევრი გაუგებარი რაღაც ხდება, მაგრამ არა უშავს.
გული მწყდებოდა, მაგრამ იმედები არ გადამიწურავს, პირიქით, მეტი ჟინი და სტიმული გამიჩნდა. ასეთი გზა ბევრ ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელს გაუვლია და მათი ისტორიები მაიმედებს, რომ წინსვლა შესაძლებელია".
ჭანკოტაძე საჩემპიონო ბრძოლაში "ზესტაფონის" შანსებზეც გველაპარაკა:
"ექვსეულში უკვე მოვხვდით და ახლა ჩვენი მიზანი, მინიმუმ, სამეულში შესვლაა. მიმაჩნია, რომ მეორე ადგილზე გასვლაც რეალურია.
ისე, ჩემპიონობისთვისაც გავიბრძოლებთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ პირველ ეტაპზე თბილისის "დინამოს" ძალიან ბევრით ჩამოვრჩით. ამ სხვაობის შემცირება ძალიან ძნელი იქნება. ახლა ყველაფერი "დინამოს" ხელშია და ძნელი წარმოსადგენია, უპირატესობა გაანიავოს.
ჯერ ჩვენც არ გვაქვს თამაშის ისეთი ხარისხი, რასაც გეგუჩაძე გვთხოვს. ამის მიუხედავად, ყველა ვხედავთ, რომ მის ხელში გუნდი ძალიან სწრაფად იზრდება. ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში გაცილებით ძლიერი გუნდი გვეყოლება".
|
|