Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

09.03.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" მორიგი გამარჯვება

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 9 მარტს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩები გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ადგილობრივმა საფეხბურთო კლუბმა მარტვილის ”მერანს” უმასპინძლა.

 

მატჩი მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და უკვე მატჩის დებიუტში თავის გუნდის დაწინაურებასთან ახლოს რენე ფერეირა დოს სატოსი გახლდათ - ზესტაფონელთა ბრაზილიელი მცველის თავური მცირედით ასცდა მარტვილელთა კარს. მალევე ნიკა საბანაძის უძლიერესმა შორეულმა დარტყმამ სტუმართა კარის ძელი შეაზანზარა...

 

სტუმრები თავიანთ შანსს სწრაფ კონტრაქციებში ეძებდნენ. ერთი-ერთი ასეთი შეტევის დროს იმერელთა კარის მიმართულებით სახიფათოდ ურტყავდა ექს-ზესტაფონელი ალექსი ბენაშვილი, თუმცა მომენტი ბოიან პავლოვიჩის დამაჯერებელი თამაშის წყალობით განიმუხტა. შეხვედრის პირველი ნახევრის მიწურულს გუნდებმა მომენტები გაცვალეს, თუმცა ტაიმი მაინც ისე დასრულდა, რომ დავით აბაშიძის სტადიონის ტაბლოზე 0-0 ეწერა.

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მარგველებმა ისევ შეუტიეს მარტვილელთა კარს. სტუმართა გოლკიპერთან პირისპირ გასული ნიკა საბანაძის დარტყმა ზურაბ მამალაძემ მოიგერია, გიორგი ფანცულაიას შორიდან გასროლის შემდეგ ბურთი სტუმართა კარის ხარიხას მოხვდა, გიორგი კუხიანიძეს კი ოდნავ უმტყუნა მიზანმა...

 

72-ე წუთზე მარტვილელები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ - მატჩის არბიტრმა თემურ ხუჭუამ რენე ფერეირას წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან ლაშა კუჭუხიძე გააძევა. ამის შემდეგ მასპინძლები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და გოლის გატანის შანსი ლევან შარიქაძესაც მიეცა, თუმცა სტანდარტული მდგომარეობიდან მის მიერ შესრულებული დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

 

საწადელს მარგველებმა მატჩის დასკვნით 10 წუთში მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ ორივე საგოლე კომბინაციაში უშუალო მონაწილეობა მიიღო მოედანზე მეორე ტაიმში შესულმა გიორგი ჭანკოტაძემ. 81-ე წუთზე მისი გადაცემის შემდეგ ზურაბ მამალაძესთან პირისპირ დარჩა ნიკა საბანაძე და ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა. 88-ე წუთზე კი ჭანკოტაძის კიდევ ერთი გამოზომილი გადაცემის შემდეგ სტუმართა გოლკიპერი უკვე გრიგოლ დოლიძემ დაამწუხრა. ზესტაფონელთა მორიგი გამარჯვება ანგარიშით 2-0.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

ზურაბ იონანიძე (“მერანი”): “ვიცოდით მეტოქე გუნდის სიძლიერე, შესაბამისად, გუნდი განწყობილი იყო საბრძოლველად, რათა ქულა მაინც “გამოგვეღლიტა.” სამწუხაროდ ვერ შევძელით. ჩემი აზრით, ეს “მერანის” საუკეთესო მატჩი გახლავთ მიმდინარე წელს. რაც შეეხება იმ მომენტს, ძნელი სათქმელია რა მოხდა, რეალურად მოხდა დარტყმა თუ სიმულაცია იყო, ამას ვიდეოფირის ნახვის შემდეგ გავარკვევთ”.

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”):  “წინასწარ ვგრძნობდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. მეტოქე მაქსიმალურად იყო მობილიზებული. გვქონდა უპირატესობა, რომელიც გატანილ გოლებში ბოლოში აისახა, რისთვისაც ბიჭებს მადლობას ვუხდით”.

 

09.03.2014. ”ზესტაფონი” - ”მერანი” (მარტვილი) 2-0

დაწვრილებით:

 

გამოყენებულია დავით ჩაფიჩაძისა და ლევან ბაქრაძის ფოტომასალა

 

შემდეგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 16 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასკვნითი, ოცდამეორე ტურის მატჩში მარგველები ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ”სიონს” თბილისში ესტუმრებიან...

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014