08.03.2014
ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან
|
|
საქართველოს ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაშის უნიკალური შანსი აქვს. წილისყრამ თემურ ქეცბაიას გუნდს მეტოქეებად გერმანიის, ირლანდიის, პოლონეთის, შოტლანდიისა და გიბრალტარის უპირველესი გუნდები არგუნა. მესამე ადგილზე გასვლაც კი არ გამორიცხავს კონტინენტის უმთავრეს საფეხბურთო ფორუმზე "ჯვაროსანთა" მოხვედრას.
წილისყრის შედეგებზე, ნაკრების შანსებზე, ზოგად საფეხბურთო ტენდენციებზე, საკუთარ წარსულსა თუ აწმყოზე გია გეგუჩაძე გვესაუბრება - დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ვისი ხელმძღვანელობითაც თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.
დღესდღეობით გეგუჩაძე "ზესტაფონში" საქმიანობს, დღევანდელი ფორმაციის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელმა კი, სხვადასხვა დროს, სწორედ მის ხელში გაიარა...
- რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით ვადევნე თვალი წილისყრას, - გვითხრა ბატონმა გიამ, - იოლი ჯგუფი არ არის. გერმანიის ნაკრებს გამოკვეთილ ფავორიტად მივიჩნევ და ამაში ახალი არაფერია. დანარჩენი გუნდები კი ერთმანეთთან მატჩებში ბლომად ქულებს დაკარგავენ. ეს კი ჩვენი შანსია.
- თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია თუნდაც პლეი-ოფის საგზურის მოპოვება, რაც, ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების მთავარი მიზანია?
- მე ბუნებით ოპტიმისტი ვარ. რატომაც არა?! შესაძლებელია. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე ყველა თამაშში. ფეხბურთელებმა უკეთ უნდა შეასრულონ მწვრთნელის დავალებები. ასეთ შემთხვევაში, მჯერა, რომ უკეთესი იქნება თამაშის ხარისხიც და შედეგიც.
- მოდით, თითოეულ მეტოქეზე ცალკე ვთქვათ...
- გერმანიას აწყობილ მანქანას შევადარებდი. კიდევ ერთხელ ვიტყვი - არ მგონია, ამ გუნდმა ჯგუფის უპირობო ფავორიტის სტატუსი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ძლიერი გუნდია საუკეთესო შემსრულებლებით...
ირლანდია და შოტლანდია უდავოდ შემოგვთავაზებენ ძალისმიერ ფეხბურთს. სიმართლე გითხრათ, მინდოდა ბრიტანული გუნდები ჩვენს ჯგუფში. მათთან გამოგვდის თამაში. ირლანდიასთან ცუდი ბალანსი კი გვაქვს, მაგრამ მათი ის ძველი, ძლიერი თაობა ნელ-ნელა ასაკის გამო თმობს პოზიციებს.
შოტლანდიას ბევრი პრემიერლიგელი ჰყავს, თუმცა მათთან მოგვიგია და ახლაც შეგვიძლია გამარჯვება...
პოლონეთის ნაკრების შემადგენლობაში "დორტმუნდის" ვარსკვლავები კი არიან, მაგრამ ვნახე მათი ბოლო მატჩები და უნდა გითხრათ, არ არის ისეთი გუნდი, რომ მოგებაზე არ ვიფიქროთ...
რაც შეეხება გიბრალტარს, ამ გუნდის თაობაზე მხოლოდ ის ვიცი, რომ პირველი მატჩი სლოვაკეთთან ითამაშეს და ფრეს მიაღწიეს. რა თქმა უნდა, გიბრალტარი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და მასთან 6 ქულა უნდა ავიღოთ.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლაც შესაძლებელია?
- ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია. რთული კია, რაიმე პროგნოზი გააკეთო ფეხბურთში... იქამდე ჯერ დიდი დროა. ბევრი ნიუანსი წყვეტს გუნდის წარმატებასა თუ წარუმატებლობას. თუმცა ვფიქრობ, სასწაული არ იქნება, თუ მეორე ადგილზე გავალთ.
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ თქვენს ხელში გაიარა. როგორ ფიქრობთ, მზადაა ეს თაობა სერიოზული გამოწვევებისთვის?
- უდავოდ დადებითი მოვლენა იყო ის, რომ გასულ შესარჩევ ციკლში ბევრმა ახალგაზრდამ გაიგო სანაკრებო თამაშების გემო. ახლა ისინი გამოუცდელები აღარ არიან თუნდაც იმიტომ, რომ ესპანეთთან და საფრანგეთთან ითამაშეს.
პოტენციალი ქართულ ფეხბურთში ყოველთვის იყო და ახლაც არის. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს. ვხედავ ნიჭს და ამ პოტენციალს, ამიტომაც იმედიანად ვარ...
- ...და სად იკარგება მერე ეს ნიჭი? რატომ ხდება ისე, რომ ქართველ ფეხბურთელთა უდიდესი ნაწილი ვერ სცდება "პერსპექტიულის" სტატუსს?
- დამაფიქრებელი კითხვაა. ალბათ, ამაზე შეიძლება კამათი. ჩემი აზრით, ნიჭი არასდროს იკარგება. უბრალოდ, ხშირად ჩვენ სწორად ვერ ვიყენებთ მას. ფეხბურთელის კარიერა ძალიან ხანმოკლეა. დღეს, უდიდესი კონკურენციის პირობებში, თითოეულმა მათგანმა მაქსიმუმი უნდა მისცეს ფეხბურთს.
- რას იტყვით ჯგუფის კალენდარზე? რამდენად ხელსაყრელია ის საქართველოს ნაკრებისთვის?
- ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი კალენდარია. ირლანდიით ვიწყებთ, თანაც საკუთარ მოედანზე და ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა ექნება თუნდაც ფსიქოლოგიური კუთხით. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია მოგება და ირლანდიური ნავსის გატეხა. რაც შეეხება ზოგად გათვლას, ციკლის დასაწყისში ქულები მაქსიმალურად უნდა ავკრიფოთ. ძალიან თანაბარი ჯგუფია. კიდევ ერთხელ ვამბობ - ბევრი ქულები დაიკარგება და აქ არის სწორედ ჩვენი შანსი.
- საინტერესოა თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ საით მიდის დღევანდელი ფეხბურთი, რა ტენდენციები იკვეთება და რომელია მათ შორის მთავარი? ზედმეტად ერთფეროვანი ხომ არ გახდა სპორტის ნომერ პირველი სახეობა? თუნდაც ის რად ღირს, რომ ვეღარ ვხედავთ გამოკვეთილ "ათიანებს", ასე რომ ალამაზებდნენ ფეხბურთს...
- დღეს ფეხბურთი ემსგავსება გლადიატორთა ასპარეზს. "ათიანი" ახლაც ბევრია, მაგრამ დრომ მათი ფუნქცია შეცვალა. მხოლოდ შექმნა და არ ჩაშალო - ამას არავინ გაპატიებს. მინდორზე ყველა მუშაობს. მთავარი ტენდენცია კი ალბათ ისაა, რომ უფრო და უფრო ფასდება უნივერსალიზმი. დღეს მცველები ისე ერთვებიან შეტევებში, როგორც ფორვარდები. მიმაჩნია, რომ ახლო მომავალში ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება.
- თბილისის "დინამომ" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე თქვენი ხელმძღვანელობით ითამაშა. მას შემდეგ ქართველი ქომაგი ამაოდ ელის ნამდვილი ევროპული საკლუბო ფეხბურთის საქართველოში დაბრუნებას. როგორ გგონიათ, უახლოეს მომავალში ნავსი გატყდება?
- უნდა შევძლოთ ყველამ ერთად! ქართველი გულშემატკივარი ამას ნამდვილად იმსახურებს. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც საბოლოოდ შედეგს იძლევა. ავიღოთ "ზესტაფონი". სულ ცოტა დაგვაკლდა "შტურმის" ბარიერის დაძლევამდე. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ უიღბლობის ბრალი იყო. მე უფრო თვითკრიტიკული ვარ. ალბათ, ყველამ რაღაც დავაკელით, თუნდაც სულ მცირე რამ, მაგრამ მაინც...
სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მხარდაჭერა აუცილებელია. მივესალმები ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის შექმნას. ეს არის ოღონდ - უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს მიზნად და მერე იმ მიზნამდე როგორ უნდა მივიდეთ. მივხედოთ მხოლოდ ბავშვთა ფეხბურთს, მხოლოდ ნაკრებებს ან, ვთქვათ, მხოლოდ სამსაჯო პრობლემებს, ასე არ გამოვა.
|