2014 წლის 2 მარტს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩები. სტადიონ "მცხეთა-პარკზე" თბილისის საფეხბურთო კლუბმა ”ვიტ-ჯორჯიამ” მიმდინარე პირველობის სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე მყოფ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი წუთები ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. სტუმრები ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ და მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ჯონი შეროზიასთან პირისპირ გასული გრიგოლ დოლიძის დარტყმული, რომელმაც ვეტერინართა გოლკიპერი უსაქმოდ დატოვა, ცარიელი კარიდან ვეტერინართა ერთ-ერთმა მცველმა გამოიტანა. მალევე კარის აღების შანსები მიეცათ დიმიტრი ტატანაშვილსა და გიორგი გურულს, მაგრამ პირველის თავით დარტყმული არაზუსტი გამოდგა, ხოლო მეორეს მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი მასპინძელთა კარის ხარიხას მოხვდა.
"ვიტ-ჯორჯიამ" მეტოქეს კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ შექმნილი სახიფათო ეპიზოდით უპასუხა, თუმცა იმერელთა მეკარე მცველებმა დააზღვიეს. ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა - გრიგოლ დოლიძის კარგი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ გასული ნიკა საბანაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად გიორგი კუხიანიძემ აქცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გოლი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მიერ გატანილი მე-500 გოლი გახლავთ.
პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ვეტერინარებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ. სტუმართა დაცვის შეუთანხმებელი მოქმედებით ვიტ-ჯორჯიელმა მათე კვირკვიამ ისარგებლა და ბოიან პავლოვიჩთან პირისპირ აღმოჩნდა - ზესტაფონელთა სერბი გოლკიპერის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის ურთულესს ვითარებაში მშვენივრად გაერკვა და თავის გუნდი აშკარა გოლს გადაარჩინა.
მეორე ტაიმის დებიუტში მარგველებმა ანგარიშში თავის უპირატესობა კიდევ უფრო გაამყარეს - 56-ე წუთზე სტუმართა მრავალსვლიანი შეტევა ზუსტი დარტყმით გიორგი კუხიანიძემ დააგვირგვინა. ამის შემდეგ თამაში შედარებით დამშვიდდა და იმერლებს საქმის ლოგიკურ დასასრულემდე მიყვანა არ გაჭირვებიათ - გამარჯვება ანგარიშით 2-0.
აქვე უნდა ითქვას, რომ მცხეთაში მოპოვებული 3 ქულის წყალობით საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" მიმდინარე ეროვნული პირველობის მეორე ეტაპზე ევროტურნირების საგზურების მოპოვებისათვის მებრძოლ კლუბთა ექვსეულში ასპარეზობის უფლება ჩემპიონატის პირველი ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური მადლობას უხდის გიორგი ჯიქიას (Geosports.ge) ფოტომასალისმოწოდებისთვის!
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 9 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩში იმერლები მარტვილის ”მერანს” უმასპინძლებენ.