28.02.2014
ინტერვიუ ბოიან პავლოვიჩთან
"ზესტაფონის" პირობებიც მომწონს და ფეხბურთიც ...
|
|
"ზესტაფონმა" სეზონი ჩინებულად განაახლა: ეროვნული ჩემპიონატის გამოტოვებულ მატჩში ჯერ ცხინვალის "სპარტაკი" დაამარცხა - 3:0, 26 თებერვალს კი ასეთივე ანგარიშით "ზუგდიდს" სძლია.
იმის, რომ ახალწვეულებში ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშეა, გამეორება აღარ ღირს. ლამის ყველა მათგანი კარგად გამოიყურება და გია გეგუჩაძის გუნდი კვლავ დინამიკურად და ლამაზად ათამაშდა.
"ზესტაფონის" ერთ-ერთი საინტერესო ახალწვეული მეკარე ბოიან პავლოვიჩია. იმერელთა სერბმა ლეგიონერმა კლუბთან 2,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 27 წლის გოლკიპერი "ცრვენა ზვეზდას" სკოლის აღზრდილია. 2004-11 წლებში მისი ტრანსფერი ბელგრადულ კლუბს ეკუთვნოდა, მაგრამ იჯარით სხვადასხვა კლუბში უშვებდნენ: სერბეთის "გრაფიჩარში" (2004, 2006), "ჰალილულაცში" (2005), "პოსავაცში" (2005), "რადნიჩკიში" (2006-07), "ბეჟანიასა" (2007-08) და მაკედონიურ "მაკედონიაში" (2008-09).
პავლოვიჩს "ცრვენა ზვეზდასთან" კონტრაქტი 2011 წელს დაუსრულდა და აზერბაიჯანული "ყარაბაღის" მაისურა მოირგო (2011-12), მერე ისრაელის "აშქელონსა" (2012-13) და ბელგრადის "ოფკ"-ში (2013) ირიცხებოდა.
სერბ მეკარეს, "სპარტაკთანაც" და "ზუგდიდთანაც", საქმე საკმაოდ ჰქონდა და რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც თავისიანები. ამავე დროს, კარგად თამაშობს ფეხითაც; ფაქტობრივად, მცველის როლსაც ითავსებს და თავისიანთა შეტევებს იწყებს.
პავლოვიჩს "ზუგდიდთან" მოგებული მატჩის შემდეგ ველაპარაკეთ.
- საქართველოში როგორ აღმოჩნდით?
- ზუსტად არ ვიცი, "ზესტაფონი" ჩემით როდის და რატომ დაინტერესდა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემს აგენტს დაუკავშირდნენ, თურქეთში ჩავედი და კონტრაქტი გავაფორმე.
- სხვა კლუბებისგან არ გქონდათ მიწვევები?
- იყო შემოთავაზებები, მაგრამ "ზესტაფონში" თამაში ვამჯობინე. საქართველოში უკეთესი პირობები შემომთავაზეს.
- საერთოდ, ქართული კლუბები სიმდიდრით არ გამოირჩევიან. გამოდის, რომ სერბეთშიცაა ფინანსური პრობლემები?
- დიახ, პრობლემებია. "ზესტაფონს" უკეთესი პირობები აქვს.
- სხვა რა ვარიანტი გქონდათ?
- ჩემი ბოლო კლუბი "ოფკ" მთავაზობდა დარჩენას და ახალ კონტრაქტს, მაგრამ აღარ ვისურვე.
- "ზესტაფონზე" რას იტყვით?
- თურქეთში გამართულ საკონტროლო შეხვედრებსა და საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ ორ მატჩში "ზესტაფონზე" კარგი შთაბეჭდილება დამრჩა - მათი ფეხბურთი მომეწონა და მიმაჩნია, რომ ჩემთვის აქამდე უცნობ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო გუნდში მოვხვდი.
პირველ ორ ტურში "ზესტაფონმა" შემტევი ფეხბურთი აჩვენა და 2 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ეს კარგი მაჩვენებელია. რაც მთავარია, სწრაფ ფეხბურთს ვთამაშობთ.
- საქართველოს ჩემპიონატის დონე სერბეთისას ბევრით ჩამოუვარდება?
- გულწრფელად ვამბობ, რომ არც ისე. თუმცა საქართველოს ჩემპიონატზე ზუსტი წარმოდგენის შესაქმნელად ჯერ საკმარისი დრო არ მქონია, სულ ორი მოწინააღმდეგე ვნახე, მაგრამ ვამჩნევ, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო ფეხბურთელია.
- რომელი მათგანი მოგეწონათ?
- არ მინდა ვინმეს გამოყოფა, მაგრამ ჩვენთან ნიჭიერი და გამოცდილი მოთამაშეები არიან.
- ქართველების ფიზიკურ მომზადებაზე რას იტყოდით?
- აქ ბუნებრივად ძლიერი მოთამაშეები არიან. მგონია, რომ ისინი უფრო მაღალი რანგის ჩემპიონატშიც გამოიჩენენ თავს.
|