Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

26.02.2014

 

 

 

 

 

 

 

 

გამარჯვება ზუგდიდელებთან შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 26 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის მატჩები. მიმდინარე საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ნაწილის რიგით მეორე შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საფეხბურთო კლუბ ”ზუგდიდს” უმასპინძლა.

 

იმერულ-მეგრული რანდევუ მასპინძელთა მიერ სტუმართა კართან პირველსავე წუთებში მოწყობილი შტურმით დაიწყო. ასეთი დასაწყისის შედეგად, მატჩის დაწყებიდან სულ რაღაც 9 წუთში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ტაბლოზე 2-0 ეწერა. გოლები ასე გავიდა - ორივე ეპიზოდში შეტევის მარჯვენა ფლანგიდან გრიგოლ დოლიძის გამჭოლ გადაცემებს ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და მაქსიმე ქვილითაიას თავგანწირული თამაშის მიუხედავად, 7-ე და 9-ე წუთებზე თავის გუნდი კომფორტული უპირატესობით დააწინაურა.

 

ტაიმის ბოლომდე იმერელთა კიდევ უფრო დაწინაურება ერთმანეთის მიყოლებით რევაზ გეწაძეს, დიმიტრი ტატანაშვილსა და გიორგი გურულს შეეძლოთ, მაგრამ თუ პირველი ორის დარტყმული ზუგდიდელთა გოლკიპერმა მოიგერია, მესამეს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. ტაიმის ბოლო წუთზე კი ანგარიში მაინც შეიცვალა - გრიგოლ დოლიძის კიდევ ერთ კარგ გადაცემას ისევ ნიკა საბანაძე გამოეხმაურა და მარგველთა რიგებში პირველი "ჰეთ-თრიკი" შეასრულა.

 

მეორე ტაიმი შედარებით მშვიდი გამოდგა. დიდი ანგარიშით დაწინაურებული ზესტაფონელები თამაშის მშვიდ კალაპოტში გადაყვანას ცდილობდნენ. შეხვედრის მეორე ნახევრის რაღაც მონაკვეთში სტუმრებმა გააქტიურება და თამაშში გარდატეხის შეტანა სცადეს, თუმცა იმერელთა დაცვამ და გუნდის გოლკიპერმა ბოიან პავლოვიჩმა დამაჯერებლად ითამაშეს და კარის მშრალად შენახვა მოახერხეს. მატჩის ბოლოს მასპინძლებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის რამდენიმე შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა საბოლოოდ პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა - ზედიზედ მეორე გამარჯვება დიდი ანგარიშით 3-0.

 

26.02.2014. ”ზესტაფონი” - ”ზუგდიდი” 3-0

დაწვრილებით:

 

 

მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 2 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის მატჩში მარგველები საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” მცხეთაში ესტუმრებიან...

 

გამოყენებულია დავით ჩაფიჩაძისა და ლევან ბაქრაძის ფოტომასალა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014