2014 წლის 22 თებერვალს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. საფეხბურთო სეზონის საგაზაფხულო ნაწილის სასტარტო შეხვედრაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ცხინვალის ”სპარტაკს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა და ცხინვალელთა შეხვედრა გასული წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა იმერეთში უხვად მოსული თოვლის გამო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ მატჩის თებერვალში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო. მატჩის დაწყების წინ "დავით აბაშიძეზე" წუთიერმა დუმილმა დაისადგურა - სტადიონზე მყოფმა საზოგადოებამ პატივი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად დაღუპულ ადამიანთა სულებს მიაგო ...
იმერელთათვის დღევანდელი მატჩი აღსანიშნავი დებიუტების სიმრავლით გამოდგა - ბოიან პავლოვიჩმა, ზაზა ჭელიძემ, გიორგი გურულმა, გიორგი კუხიანიძემ, გრიგოლ დოლიძემ, რევაზ გეწაძემ, ნიკა საბანაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა და გიორგი ფანცულაიამ ოფიციალურ შეხვედრაში ფეროელთა მაისურით პირველად იასპარეზეს. ორმაგად სასიამოვნოა ის გარემოება, რომ სეზონის განახლების შემდეგ პირველი გამარჯვებაც სწორედ ახალწვეულთა გოლების წყალობით იქნა მოპოვებული...
მასპინძლებმა, რომელთათვის დღევანდელი შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, პირველივე წუთებიდან შეუტიეს ცხინვალელთა კარს და უკვე მატჩის დებიუტში, კარგი მომენტები შეექმნა გრიგოლ დოლიძესა და ნიკა საბანაძეს, თუმცა ორივე ამ ეპიზოდში ყურადღებით ითამაშა სტუმართა გოლკიპერმა. 25 წუთზე, რევაზ გეწაძის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, გოლის გატანა დიმიტრი ტატანაშვილს შეეძლო - ზესტაფონელთა ფორვარდმა ბურთის კარში გადაგზავნა უძლიერესი დარტყმით სცადა, თუმცა ის სტუმართა კარის ზედა ძელს მოხვდა...
სახიფათო მომენტი "სპარტაკის" კართან ლევან შარიქაძის თავურის შემდეგაც შეიქმნა, მაგრამ გიორგი ნადირაძემ ამ ეპიზოდშიც ყურადღებით ითამაშა. ანგარიში 31-ე წუთზე გაიხსნა - გიორგი გურულის გრძელ ჩაწოდებას კარგად გამოეხმაურა გრიგოლ დოლიძე და დროული გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე დიმიტრი ტატანაშვილი დატოვა - მიმდინარე ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმაც ყველაფერი ცივსისხლიანად შეასრულა... პირველი ტაიმის მიწურულს ზედიზედ ორჯერ მიზანთან ახლოს იყო ნიკა საბანაძე, თუმცა მის დარტყმებს სიზუსტე ოდნავ დააკლდა.
შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში სტუმართა კარს რევაზ გეწაძე დაემუქრა - ზესტაფონელთა ნახევარმცველის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა გიორგი ნადირაძემ გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგერია. 58-ე წუთზე ანგარიში ორამდე მაინც გაიზარდა - მორიგი სტანდარტის შესრულებისას ცხინვალელთა საჯარიმოში ყველას მარგველთა ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა დაასწრო და იმერული კლუბის მაისურით გატანილი პირველი გოლი ემოციურად იზეიმა.
მართალია, ცხინვალელებმა კი სცადეს მატჩის მიმდინარეობაში გარკვეული კორექტივების შეტანა და გაბრძოლება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ბოლო სიტყვა მაინც იმერლებისა იყო - მოედანზე მეორე ტაიმში ძალიან აქტიურად შემოსულმა გიორგი ფანცულაიამ 83-ე წუთზე შორეული უძლიერესი დარტყმით იმერულ-შიდაქართლური დუელის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3-0. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ "სპარტაკთან" შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულის წყალობით ზესტაფონელებმა სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე აინაცვლეს.
საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 26 თებერვალს ისევ შინ გამართავს. მარგველთა მეტოქე საფეხბურთო კლუბი ”ზუგდიდი” იქნება ...
გამოყენებულია დავით ჩაფიჩაძისა და ლევან ბაქრაძის ფოტომასალა