სეზონის განახლებისათვის მზადება ზესტაფონში გაგრძელდა
საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილი ჩვენი გუნდისთვის 22 თებერვალს საშინაო მატჩით გაიხსნება - დიდთოვლობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლებენ.
თურქეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა მზადება დღეს გააგრძელეს და შიდაქართლელებთან მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. დღევანდელი ვარჯიში სასიამოვნო ამბით დაიწყო - გუნდის კაპიტან თეიმურაზ ღონღაძეს, რომელსაც გუშინწინ ქალიშვილი შეეძინა, ეს სიხარული მთელმა გუნდმა მიულოცა.
ზემოიმერლები სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდთან ერთადაა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩიც, რომელმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...