13.02.2014
ჩვენი მეტოქე - ოდესელი მეზღვაურები
2014 წლის 13 თებერვალს თურქულ შეკრებაზე მყოფი საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე ჩასატარებელ რიგით მეოთხე სპარინგში მარგველთა მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის წარმომადგენელი, ქალაქ ოდესის საფეხბურთო კლუბი ”ჩერნომორეცი” იქნება.
ფეხბურთის სტაჟიან მოყვარულებს "ჩერნომორეცი" ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატიდან ახსოვთ. საკავშირო პირველობის უმაღლეს ლიგაში ოდესურ კლუბს 52-ჯერ უასპარეზია და ყველაზე დიდ წარმატებას 1974 წლის ჩემპიონატში მიაღწია - გუნდი ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
დამოუკიდებელი უკრაინის თასის გათამაშების პირველი ტრიუმფატორი სწორედ "ჩერნომორეცი" გახლავთ, სულ კი ქვეყნის თასი ოდესელებს 2-ჯერ აქვთ მოგებული.
უკრაინული კლუბი, რომელსაც დღესდღეობით ადგილობრივი სპეციალისტი რომან გრიგორჩუკი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე პოზიციაზე იმყოფება და მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ ხარკოვის "მეტალისტსა" და კიევის "დინამოს" თითო-თითო ქულით ჩამორჩება.
"მეზღვაურებმა" ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს, სადაც ხორვატული "დინამოსა" და ჰოლანდიური "ეინდჰოვენის" წინააღმდეგობა დასძლიეს და ბულგარულ "ლუდოგორეცთან" ერთად გააღწიეს მეთექვსმეტედფინალში, სადაც ფრანგულ "ლიონს" დაუპირისპირდებიან (ფრანგებთან დაპირისპირების პირველ მატჩს ოდესა ზუსტად ერთ კვირაში უმასპინძლებს).
გუნდში 8 ლეგიონერი ირიცხება: ბრაზილიელ, ესპანელ, იტალიელ, კოტდ'ივუარელ, ლატვიელ და ალბანელ თანაგუნდელთა მხარდამხარ "ჩერნომორეცში" ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი, საფეხბურთო კლუბ "გაგრას" აღზრდილი თორნიკე ოქრიაშვილი ასპარეზობს.
ქართულ-უკრაინული დაპირისპირება საკურორტო ქალაქ სიდეში მდებარე სასტუმრო "Starlight"-ის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება და ადგილობრივი დროით 11:30 საათზე (თბილისის დროით - 13:30 საათზე) დაიწყება.
|