08.02.2014
ბოიან პავლოვიჩმა "ზესტაფონთან" კონტრაქტი გააფორმა
ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის ახალწვეულის სახელია ბოიან პავლოვიჩი. გამოცდილი გოლკიპერი, რომელსაც წარმატებული კარიერის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში უასპარეზია, "ზესტაფონის" ღირსებას შემდეგი 2,5 (0,5 + 2 წლის სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: ბოიან პავლოვიჩი - მეკარე; დაბადებულია - 08.11.1986; სიმაღლე - 190 სმ, წონა - 84 კგ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: ”გრაფიჩარი” (სერბეთი) - 2004, 2006; "პოსავაცი" (სერბეთი) - 2005; ”რადნიჩკი” (სერბეთი) - 2006-2007; "ბეჟანია" (ნოვი ბეოგრადი, სერბეთი) - 2007-2008, "მაკედონია" (სკოპიე, მაკედონია) - 2008-2009; "ცრვენა ზვეზდა" (ბელგრადი, სერბეთი) - 2007-2011; "ყარაბახი" (აგდამი, აზერბაუჯანი ) - 2011-2012; "ჰაპოელი" (აშკელონი, ისრაელი) - 2012-2013; "ოფკ" (ბელგრადი, სერბეთი) - 2013-2014.
ბოიან პავლოვიჩი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" საფეხბურთო სკოლის აღზრდილი გახლავთ. რამდენიმე სეზონი მან განათხოვრებით სხვადასხვა კლუბში იასპარეზა და 2009 წელს მაკედონიის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. ამის შემდეგ გოლკიპერი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა და 2009-2010 წლების სეზონში უეფას ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში, მათ შორის თბილისის დინამოელთა წინააღმდეგ, სწორედ ბელგრადელთა მაისურით იასპარეზა.
2011-2012 წლები პავლოვიჩმა აზერბაიჯანულ "ყარაბახში" გაატარა - აგდამელთა რიგებში საიმედოდ იასპარეზა, მათ შორის ბელგიურ "ბრიუგესთან" მატჩებში (სხვათაშორის, აზერბაიჯანულ-ბელგიური დუელი "ზესტაფონისა" და ბრიუგელების დაპირისპირებამდე ორიოდე კვირით ადრე გაიმართა). ამის შემდეგ ფეხბურთელმა ჯერ ისრაელს მიაშურა, შემდეგ კი ბელგრადის "ოფკ"-ში იასპარეზა.
ბოიან პავლოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების საზეიმო ცერემონია, რომელზეც "ზესტაფონს" კლუბის გენერალური დირექტორი მიხეილ ხუციშვილი წარმოადგენდა, დღეს ბელეკში გაიმართა. შრომითი ხელშეკრულება ფეხბურთელის მიერ სამედიცინო შემოწმების გავლისთანავე ამოქმედებულად ჩაითვლება.
|