Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

 

30.01.2014

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

 

ძალიან მინდა, წელს ზაფხულში ევროთასებზე ვიასპარეზოთ

 

 

 

 

 

 

 

გია გეგუჩაძე
 

29 იანვარს "ზესტაფონმა" საფეხბურთო საზოგადოებას 12 ახალი ფეხბურთელი წარუდგინა. წარდგენამდე გამართულ პრესკონფერენციაზე "ზესტაფონის" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ მზადების პროცესის მიმდინარეობასა და გუნდის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

- მზადების პირველ ეტაპს თერჯოლის "საპოვნელასთან" ამხანაგური მატჩით ვამთავრებთ ("ზესტაფონმა" მეტოქე 7:0 დაამარცხა). ამ დროის მნიშვნელოვანი მონაკვეთი ფიზიკურ მომზადებას დავუთმეთ. იყო გარკვეული ხარვეზები, ცუდი ამინდების გამო წვრთნები შეფერხებით მიმდინარეობდა, ხშირ შემთხვევაში თოვლში ვარჯიშიც გვიწევდა, ხელი შეგვიშალა ზოგიერთი მოთამაშის ავადმყოფობამაც, პრობლემა იყო ისიც, რომ ფეხბურთელთა ნაწილი გვიან შემოგვიერთდა, მაგრამ ფიზმომზადების მწვრთნელის მეშვეობით სადღეისოდ ფეხბურთელები მეტ-ნაკლებად თანაბარ მდგომარეობაში არიან.

სირთულეების მიუხედავად, ამ ეტაპს დადებითად შევაფასებ. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი დავრჩი.

რაც შეეხება მზადების მეორე ეტაპს - 1 თებერვალს მივემგზავრებით თურქულ შეკრებაზე, სადაც 17 თებერვლის ჩათვლით მოვემზადებით. დაგეგმილია 5 სპარინგ-მატჩი. ორგანიზატორებმა საკმაოდ სოლიდური მოწინააღმდეგეები შეგვირჩიეს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 4 თებერვალს რუმინულ "პანდურიის" შევხვდებით, 7-ში ჩეხურ "პრშიბრამს, 13-ში ოდესის "ჩერნომორეცს", ხოლო 16-ში მაკედონიურ "ტურნოვოს".

იმედი გვაქვს, რომ თურქეთში ნაყოფიერ შეკრებას გავივლით და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- ახალწვეულებზე რას გვეტყვით?
- ახალწვეული ბევრი გვყავს, შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადახალისდა. ამ ფეხბურთელების უმეტესობას საფეხბურთო საზოგადოება კარგად იცნობს და წარდგენა არ სჭირდებათ. "ზესტაფონის" გულშემატკივრებიც დადებითად აფასებენ ამ ცვლილებებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალწვეულები ყველას მოლოდინს გაამართლებენ.

- კიდევ აპირებთ ფეხბურთელების დამატებას?
- სანამ სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, გამორიცხული არაფერია.

- ლეგიონერები თუ რჩებიან გუნდში?
- რენე ფერეირა, აჯურუ და იგორ იელიჩი "ზესტაფონში" აგრძელებენ კარიერას.

- რა მიზნებს ისახავს "ზესტაფონი" მიმდინარე ჩემპიონატში?
- პირველ რიგში, ჩვენი მიზანი ზედა ექვსეულში მოხვედრაა, თანაც, გვსურს, ქულათა მარაგიც საკმარისი გვქონდეს საიმისოდ, რომ მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლოთ. ძალიან მინდა, წლეულს ზაფხულში ევროთასებზე ვიასპარეზოთ და ვნახოთ...

ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. პრაქტიკულად ახალი გუნდი გვყავს და ამ ბიჭებს შეთამაშება სჭირდებათ. იმედი მაქვს, ეს პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.

 

დავით კოხრეიძე, ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014