საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადებას მშობლიურ ქალაქში განაგრძობს.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, 29 იანვარს, 13:00 საათზე, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-კონფერენცია, რომელზეც, სეზონის განახლებისათვის მზადების შესახებ საუბრის გარდა, იგეგმება გუნდის ახალწვეულთა წარდგენა და მათთვის პერსონალური მაისურების გადაცემა.
პრეს-კონფერენციის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" მიმდინარე წელიწადში რიგით მესამე საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. თურქეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებაზე გამგზავრებამდე გასამართ დასკვნით შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონ ზესტაფონელებს თერჯოლის საფეხბურთო კლუბი "საპოვნელა" დაუპირისპირდება. მეზობლებთან სპარინგ-მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.