18.01.2014
"ზესტაფონი" მზადებას განაგრძობს
მცირე შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ ზესტაფონში შეიკრიბნენ და ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის მატჩებისათვის მზადება განაგრძეს.
დღეს საღამოს ზესტაფონელებმა ფეროშენადნობთა ქარხნის სამმართველოს მახლობლად მდებარე ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ივარჯიშეს. გია გეგუჩაძემ გუნდი ისევ ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე ამუშავა - ნახევარსაათიანი კროსი ჯერ ივან ვუჩეტიჩის დავალებების შესრულებამ, შემდეგ კი ძალისა და გამძლეობის მომატებაზე გათვლილი ვარჯიშების კომპლექსმა შეცვალა.
ხვალიდან იმერლები ასე მონატრებულ მწვანე გაზონს უბრუნდებიან. ზესტაფონის სტადიონის ადმინისტრაციისა და მინდვრების მომსახურე პერსონალის რამდენიმედღიანი შრომის შედეგად, კლუბის ბაზაზე ერთ-ერთი მინდვრის თოვლისაგან გაწმენდა, როგორც იქნა, მოხერხდა.
20 იანვარს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობა "ბენდელას" თასის გათამაშებაში ს.კ. "ქუთაისთან" სტუმრად გასამართი მატჩით ჩაებმება. რაც შეეხება მარგველთა პირველ გუნდს, მიმდინარე წელიწადში პირველ საკონტროლო მატჩს ის 21 იანვარს ჩაატარებს - საქართველოს ორგზის ჩემპიონები საკუთარ ბაზაზე მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" დაუპირისპირდებიან.
ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
|