17.01.2014
მზადება თოვლში და შეცვლილი გეგმები
იმერეთში მოსულმა თოვლმა ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მზადების პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა.
გუშინ დილით ზესტაფონელებმა ისევ ქალაქის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის დახურულ დარბაზში ივარჯიშეს, საღამოს კი გუნდმა ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავა - სპორტსმენები თავიდან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში დაიტვირთნენ, შემდეგ კი მათ დათოვლილ მინდორზე გადაინაცვლეს და ვარჯიში ფეხბურთისათვის ესოდენ უჩვეულო ვითარებაში განაგრძეს.
უნდა ითქვას, რომ 16 იანვარს სავარჯიშო პროცესს გრიგოლ დოლიძე და ნაემეკა აჯურუ შეუერთდნენ. გუშინვე, სამშობლოში გაკეთებული ოპერაციისა და რეაბილიტაციის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნდა გუნდის სერბი ლეგიონერი იგორ იელიჩი, რომელიც ინდივიდუალური პროგრამით მზადებას შეუდგა.
დღეისათვის იმერელთა სამწვრთნელო შტაბს ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უამინდობამ გია გეგუჩაძეს გეგმები შეაცვლევინა - ზესტაფონელთა თავკაცმა გუნდს შაბათამდე დასვენების საშუალება მისცა...
აქვე მოგახსენებთ იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, კლუბის რიგები დატოვეს ალჟირელმა ფორვარდმა მოჰამედ რეკრუკმა და ნახევარმცველმა ნოდარ კიკნაველიძემ. "ზესტაფონში" აღარ იასპარეზებს ბოლო წლებში გუნდის უცვლელი გოლკიპერი და კაპიტანი როინ კვასხვაძეც - მას ჩვენს კლუბთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუსრულდა.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.
|