| 16.01.2014             ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან    გაძლიერებისკენ სწრაფვა - ეს უწყვეტი პროცესია               ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, ქართული კლუბებიდან ყველაზე მეტად, რა   თქმა უნდა, "ზესტაფონმა" იაქტიურა. გია გეგუჩაძის გუნდი სრულიად   გადასხვაფერდა და მეტწილად, ქუთაისის "ტორპედოდან" დაიმატა ფეხბურთელები.   თანაც, დამატებაცაა და დამატებაც: თითქმის ყველა ახალწვეული ცნობადი სახეა   და ჩვენს ჩემპიონატში ძლიერ მოთამაშედ ითვლება.   მზადების პროცესსა და გეგმებზე, "მსოფლიო სპორტი" გია გეგუჩაძეს ესაუბრა:   - როგორ მიმდინარეობს საწვრთნელი პროცესი? ჯერ მხოლოდ ფიზიკური დატვირთვებია თუ ბურთთან ვარჯიშებიც?  - ჯერჯერობით, ბურთთან ნაკლებად, რადგან ამინდიც არ გვიწყობს ხელს.   საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა ზესტაფონში და სანამ დადნება, ბურთთან ნაკლებად   მიდის კონტაქტი. 30 იანვრამდე ადგილზე ვივარჯიშებთ, 31-ში კი თურქეთში   წავალთ შეკრებაზე.   - თურქეთში წასვლამდე ამხანაგური მატჩებიც გექნებათ...  - 21, 24 და 29 იანვარს ვითამაშებთ. 21-ში "მერანს" ვეთამაშებით, დანარჩენი ორი მეტოქის ვინაობა ჯერ უცნობია.   - თურქულ შეკრებაზე სპარინგ-მეტოქეების ვინაობა გარკვეულია?  - 5 მატჩი გვექნება და აქედან, 3 მეტოქე ცნობილია: რუმინული "პანდური",   მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი "ტურნოვო" და ოდესის "ჩერნომორეცი".       - საკმაოდ ბევრი ახალი ფეხბურთელი გყავთ და თუ დარჩა პოზიცია, რომლის გაძლიერებას აპირებთ?  - შეიძლება ითქვას, გუნდი დაკომპლექტებულია, თუმცა არაა გამორიცხული,   კიდევ გადმოვიყვანოთ ფეხბურთელი. შესაძლოა, თავი შევიკავოთ. ეს მუშა,   უწყვეტი პროცესია, რომელსაც კლუბი მიმართავს გასაძლიერებლად და მაღალი   მიზნებისთვის.   - ეს მიზანი წლეულს სამეულში შესვლა და ევროტურნირებზე გასვლაა?  - რა თქმა უნდა, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ასეა. თუმცა, ჯერ   ექვსეულში უნდა მოვხვდეთ და შემდეგ უკვე გააჩნია, ქულების რა მარაგით   ვიქნებით.   - საკმაოდ "გრძელი სკამი" გეყოლებათ და ალბათ, როტაციის პრინციპსაც მიმართავთ.  - მოსამზადებელ პერიოდში ყველა ფეხბურთელის გამოცდას ვაპირებთ, შემდეგ კი, ვნახოთ, ვინ როგორ გამოიჩენს თავს, როგორ აუღებს ალღოს.   - ლეგიონერებიდან ვინმეს ხომ არ მოუწევს გუნდის დატოვება? - როგორც იცით, რეკრუკთან გაწყდა ხელშეკრულება, დანარჩენები კი გუნდის   წევრები არიან. სამწუხაროდ, სერბ იელიჩს აქვს ტრავმა და მარტის ბოლოს   შემოგვიერთდება.   - ყველა ახალწვეულებთან გიმუშავიათ და კარგად იცნობთ – გამონაკლისი   მხოლოდ დიმიტრი ტატანაშვილია. როგორც ვიცით, წინა წლებშიც გსურდათ მისი   გადაყვანა.     - დიახ, ტატანაშვილთან ადრე არასოდეს მიმუშავია. იყო პერიოდი, როცა მისი   გადაყვანა გვსურდა და ვერ მოხერხდა. ძალიან კარგი ფეხბურთელი და დადებითი   პიროვნებაა. ეს ჩანს ურთიერთობაში და ვარჯიშებზეც.   |