09.01.2014
ინტერვიუ დიმიტრი ტატანაშვილთან
მთავარმეგოლე ფეროელთა ქალაქში
ფეხბურთში საქართველოს მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირი 30 წლის დიმიტრი ტატანაშვილი გახლავთ. ამ სეზონის პირველი ეტაპი მან საჩხერის „ჩიხურაში“ითამაშა, ჩემპიონატში 12 გოლი მიითვალა, სუპერთასზე თბილისის „დინამოს“ გამარჯვების გოლი გაუტანა, მაგრამ... 2014 წლიდან ტატანაშვილი „ზესტაფონში“ ითამაშებს.
ტატანაშვილს არაერთი გადამწყვეტი, დასამახსოვრებელი გოლი გაუტანია, თავი გამოუჩენია ევროსარბიელზეც, უთამაშია ჩეხეთის გუნდებში, მცირე ხნით იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, „ქრონიკა+“ - ის კითხვებს საქართველოს ჩემპიონატის მთავარმეგოლე პასუხობს.
- მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი „ჩიხურამ“ ჩემპიონატში მეორე ადგილით და სუპერთასით ჩაამთავრა - რა არის ასეთი გუნდიდან წასვლის მიზეზი?
- „ჩიხურა“ მართლაც კარგ სეზონს ატარებს, ამ გუნდში გოლებიც გავიტანე, ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა „ჩიხურასთან“ ექვსთვიანი კონტრაქტი მაკავშირებდა და ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. „ჩიხურასთვის“ და მისი გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, უბრალოდ, „ზესტაფონმა“ უკეთესი პირობები შემომთავაზა. „ზესტაფონმა“ ეს სეზონი კარგად ვერ დაიწყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდია, მწვრთნელიც კარგი ჰყავს - ამ ყველაფრის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.
- „ჩიხურას“ არ შემოუთავაზებია კონტრაქტის გაგრძელება?
- იყო ამის სურვილი, არ ვიტყოდი უარს იმაზე, რომ ეს სეზონი „ჩიხურაში“ ჩამემთავრებინა, თუმცა პატარა აღარ ვარ, ამ ეტაპზე ჩემთვის ფინანსური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია.
- წინა სეზონის პირველი ეტაპის შემდეგაც გამოიცვალე გუნდი - რუსთავის „მეტალურგიდან“ „დინამო თბილისში“ მიხვედი, თუმცა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბში თავის გამოჩენა ვეღ მოახერხე...
- „დინამოში“ თამაში ფაქტობრივად არ მიწევდა და იმიტომ. დუშან უჰრინი სათამაშო დროს არ მაძლევდა, ერთი-ორი წუთით თუ შემიშვებდა მოედანზე. მაშინაც ნახევარი სეზონით ვიყავი დაკავშირებული კლუბთან და ვადის გასვლის შემდეგ წამოვედი...
- „ზესტაფონი“ ახლა ძლიერდება, სხვა გამოცდილი ფეხბურთელებიც დაიმატა - რამდენად რეალურია ამ სეზონში გუნდისთვის ტიტულისთვის ბრძოლა ?
- ჩემპიონატში პირველ ადგილზე მყოფ „დინამოსთან“ ქულათა სხვაობა დიდია, მაქსიმუმს გავაკეთებთ და რა გამოვა აქედან, ვნახოთ... ვფიქრობ, მეორე ადგილის დაკავება რეალურია.
- „ზესტაფონის“ თავკაცი გია გეგუჩაძე თავისებური სტილით არის გამორჩეული, უფრო ისეთ თავდამსხმელებს ანიჭებს უპირატესობას, ბურთის შემაგრება, გუნდის „ამოყვანა“ რომ შეუძლიათ. ტატანაშვილი კი ბოლო დროს თითქოს ერიდება დრიბლინგს, მოედნის სიღრმიდან შეტევას, ასე ვთქვათ, უფრო საჯარიმოს ფორვარდად ჩამყალიბდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობ, უპრობლემიდ მოერგები „ზესტაფონის“ მონახაზს?
- რადგან დაინტერესდნენ ჩემით, ესე იგი კარგად იციან ფეხბურთელის თვისებები. გეგუჩაძე საქართველოში ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია და დაუფიქრებლად არ გადადგამდა ასეთ ნაბიჯს. მე საკუთარი, ძლიერი თვისებების გამოყენებას ვცდილობ, მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგისთვის ყველაზე უფრო საჯარიმო მოედანში ვარ სახიფათო. „ჩიხურაში“ ძირითადი აქცენტი ბურთის გაგორებაზე გვქონდა, მე კი ჩემს შანსს მეტოქის საჯარმოში ველოდებოდი, ეპიზოდურად შესაძლოა მომიწიოს კაცის მოტყუება, უკან ჩამოსვლა - რა თქმა უნდა, ამისთვისაც მზად ვიქნები.
- გადამწყვეტი გოლების გატანა გეხერხება, ახლახან სუპერთასზე შენი გოლით გაიმარჯვა „ჩიხურამ“ „დინამოსთან“, ფინალებში მანამდეც გამოგიჩენია თავი...
- 2006 საქართველოს თასის ფინალში „ამერი“ და „ზესტაფონი“ რომ შეხვდნენ ერთმანეთს, ზესტაფონელებს პენალტების სერიაში გავუტანე გოლი, მომდევნო წელს თასის ფინალში ისევ „ზესტაფონს“ გადავეყარეთ, 1:0 გავიმარჯვეთ, სულიკო დავითაშვილის პასით გოლი მე შევაგდე. 2008 წელსაც ისევ „ამერი“ და „ზესტაფონი“ გავიდნენ ფინალში, 1:2 წავაგეთ, ამერელთაგან გოლი ისევ მე გავიტანე. ერთი სიტყვით, ფინალებში ოთხი გოლი მაქვს შეგდებული.
- ქართულ საკლუბო ფეხბურთში ბევრი პრობლემაა. როგორ ფიქრობ, ყველაზე უფრო რა აკლიათ ქართულ გუნდებს?
- ფინანსური სტაბილურობა. ამ პრობლემის გამოა, ქართული კლუბები დაშლის პირას რომ არიან. გუნდს ექვსი თვით რომ გამოუყოფენ ბიუჯეტს და მერე არავინ იცის, რა იქნება, კლუბი ასეთნაირად ვერ განვითარდება, ყოველ ექვს თვეში რომ მოგიწევს გუნდის შექმნა, ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
- ჩეხეთში რატომ ვერ გამოდგა ტატანაშვილის კარიერა ისეთი წარმატებული, როგორსაც ბევრი ელოდა?
- ჩეხეთში იმ გამოცდილებით რომ ჩავსულიყავი, რაც ახლა მაქვს, გაცილებით უკეთ წამივიდოდა საქმე, უფრო მეტ გოლს გავიტანდი და უკეთეს გუნდშიც გადავიდოდი. ახალგაზრდული წლები, ენის ბარიერი, გამოუცდელობა - ამან შემიშალა ხელი. პლზენის „ვიქტორია“ მაშინაც კარგი გუნიდ იყო, როცა იქ გადავედი, ახლა კი უფრო ძლიერია. სხვათაშორის, როცა უცხოეთიდან საქართველოში დავბრუნდი და რუსთავის „მეტალურგში“ ვთამაშობდი, ევროტურნირზე „პლზენსაც“ გავუტანე გოლი.
- „პლზენში“ თბილისის „ამერიდან“ გადახვედი, ჩეხებმა შენს სანაცვლოდ „ამერს“ რამდენიმე ასეულ ათასი ევრო გადაუხადეს. „ამერში“ გატარებულ წლები ალბათ განსაკუთრებულად ფასეულია შენთვის...
- ასეა, „ამერის“ დამსახურებაა პროფესიონალ ფეხბურთელად რომ ჩამოვყალიბდი. სწორედ „ამერში“ თამაშის დროს მიმიწვია ეროვნულ ნაკრებში კლაუს ტოპმიოლერმა, ნაკრებში ორჯერ ვითამაშე და ერთი გოლი გავიტანე.
- ახლა კი „ზესტაფონის“ ჯერია. ამ კლუბს კარგი ბაზა და სტადიონი აქვს, საინტერესო მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს, თუმცა თბილისელისთვის იოლი არ უნდა იყოს პერიფერიაში ცხოვრება...
- ზესტაფონი საფეხბურთო ქალაქია, ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს. რაც შეეხება თბილისელისთის პერიფერიაში ცხოვრებას, ეს ადვილი საჩხერეშიც არ იყო, მაგრამ ფეხბურთელი ამისთვის შეგუებული უნდა იყოს.
იბეჭდება შემოკლებით... |