03.01.2014
"ზესტაფონს" დიმიტრი ტატანაშვილი შეუერთდა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მიმდინარე პირველობის საუკეთესო ბომბარდირი შეუერთდა. 30 წლის ფორვარდი დიმიტრი ტატანაშვილი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი (1+1 სისტემით) წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: დიმიტრი ტატანაშვილი - თავდამსხმელი; დაბადებულია - 19.10.1983; სიმაღლე - 186 სმ, წონა - 79 კგ.
კარიერის მანძილზე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ოლიმპიკი” (თბილისი) - 2001-2003; ”სპარტაკი” (თბილისი) - 2003-2005; ”ამერი” (თბილისი) - 2005-2008; ”ვიქტორია” (პლზენი, ჩეხეთი) - 2008- 2010; ”კლადნო” (კლადნო, ჩეხეთი) - 2009- 2010; ”მეტალურგი” (ზაპოროჟიე, უკრაინა) - 2010- 2011; ”დინამო” (თბილისი) - 2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) - 2011-2013; ”დინამო” (თბილისი) - 2013; ”ჩიხურა” (საჩხერე) - 2013.
უნდა ითქვას, რომ გამოცდილმა ფორვარდმა, რომელმაც სახელი ჯერ კიდევ თბილისის "ამერში" წარმატებული თამაშით გაითქვა, გასულ სეზონში თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. განსაკუთრებით მდიდარია დიმიტრი ტატანაშვილის სათასო რეგალიების კოლექცია - ის 3-3-ჯერ არის დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასისა და საქართველოს სუპერთასის მფლობელი, გარდა ამისა, ჩეხეთის თასის 2009-2010 წლების გათამაშების გამარჯვებულიც გახლავთ.
როგორც მოგეხსენებათ, ზესტაფონელთა ახალწვეული მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას სადღეისოდ 12 გატანილი გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს. აქედან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი ის, რომ ინტერნეტ-გვერდმა “მსოფლიო სპორტმა” მიმდინარე პირველობის საშემოდგომო ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ დიმიტრი ტატანაშვილი დაასახელა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მას 2 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ მატჩებში 1 გოლიც აქვს გატანილი.
|