23.12.2013
დუბლიორთა ტურნირის გადადებული მატჩი
2013 წლის 23 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთექვსმეტე ტურის ერთი გადადებული მატჩი. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები გორის ”დილას” მეორე გუნდს ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ბორის გიორგაძე, კუპრაშვილი, ანდრო გიორგაძე, ნაცვლიშვილი, მოსიძე (ბუბულაშვილი, 76), ომარ გრიგალაშვილი (ჭურაძე, 68), კვანტალიანი (ვაჭარაძე, 46), ჩუბინიძე (გოცაძე, 85), ბარბაქაძე, კვარაცხელია, ეგუტიძე (ჭეიშვილი, 80).
გორელი დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება გორის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. სტუმართა გუნდს გაცილებით უფროსი ასაკის მეტოქესთან ოპონირება მოუხდა - "ზესტაფონის" მეორე გუნდის დუბლიორებს, რომელთა უმეტესობა 1996-1997 წლებშია დაბადებული, უფრო გამოცდილი ფეხბურთელების მთელი ჯგუფი დაუპირისპირდა.
ამის მიუხედავად, პირველი ტაიმის უდიდესი ნაწილი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიში მხოლოდ ტაიმის მიწურულს, 34-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძლები ზაზა საბიაშვილმა დააწინაურა. ზესტაფონელებს გათანაბრება მეორე ტაიმის დებიუტში შეეძლოთ, თუმცა გორელთა გოლკიპერთან პირისპირ გასული გიორგი ჩუბინიძის დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. 53-ე წუთზე კი ანგარიში ორამდე გაიზარდა - აკაკი სირბილაძემ თავის შანსი მშვიდად გამოიყენა.
სტუმრებმა 2013 წელს გასამართი ბოლო მატჩის გადარჩენას შეეცადნენ და გორელთა კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო იერიში განახორციელეს, თუმცა "დილას" დუბლიორთა გოლკიპერმა და დაცვის ხაზმა საკუთარი კარის მშრალად შენარჩუნება მოახერხეს. მეტიც, 87-ე წუთზე გორელებმა შეტევაში გართული სტუმრები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ნიკა ელიაურმა ანგარიში დიდამდეც გაზარდა. გორელთა გამარჯვება ანგარიშით 3-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |