Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

18.12.2013

 

 

 

 

 

 

მნიშვნელოვანი გამარჯვება "გურიასთან" შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 18 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის მატჩები. ქობულეთის სტადიონ "ჩელე-არენაზე" ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბმა ”გურიამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.

 

როგორც მოგეხსენებათ, ეროვნული პირველობის ზედა ექვსეულის საგზურებისათვის ბრძოლა, რომელიც გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, ძალიან დაძაბულად მიმდინარეობს. სატურნირო თვალსაზრისით დღევანდელ შეხვედრას ორივე გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა და შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ გურულთა და იმერელთა დაპირისპირება დაძაბული და ემოციებით დატვირთული გამოდგა.

 

სტუმართა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მატჩის დაწყებისთანავე გამოიკვეთა. ლანჩხუთელთა კარს ჯერ შორიდან დარტყმით გიორგი ჭანკოტაძე დაემუქრა, შემდეგ კი კარის აღების მშვენიერი შანსი ვახტანგ ჭანტურიშვილს მიეცა, თუმცა მინდია ბობღიაშვილმა მთელი თავის სპორტული ოსტატობა გამოავლინა და ზესტაფონელის დარტყმული სასწაულებრივ მოიგერია. მალევე ლანჩხუთლთა გოლკიპერთან პირისპირ აღმოჩნდა გიორგი ადამია, რომელსაც ნამდვილად მართებდა მასპინძელთა დამწუხრება, თუმცა მან თავისუფალ პარტნიორზე გადაცემის გაკეთება ამჯობინა, პარტნიორი (ვახტანგ ჭანტურიშვილი) კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა...

 

28-ე წუთზე ანგარიში მაინც გაიხსნა - გიორგი ჭანკოტაძემ ბურთი სანდრო გურულთან სწრაფად გაათამაშა და ლანჩხუთელთა საჯარიმოს მიმართულებით მშვენიერი სოლო-რეიდი განახორციელა, იქ კი "საქმეში ჩაერთო" ნიკოლოზ ჯიშკარიანი, რომლის მხრიდან ხელით თამაშის გამო მატჩის არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა "გურიას" კარში 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა - გიორგი ადამიამ პენალტი გოლად მშვიდად აქცია.

 

მალევე ვახტანგ ჭანტურიშვილს მიეცა გოლის გატანის კარგი შესაძლებლობა. სტუმართა სახიფათო შეტევის შესაჩერებლად მასპინძელთა გოლკიპერმა საკუთარი საჯარიმოს ფარგლები დატოვა, ბურთს ზესტაფონელთა ნახევარმცველი დაეუფლა და შორიდან სცადა კარის აღება, თუმცა მისი დარტყმა ოდნავ არაზუსტი გამოდგა. თავის მხრივ, ტაიმის მიწურულს პირველი მომენტი მასპინძლებმაც შექმნეს - კობა შალამბერიძე შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთის კარში გადაგზავნას ცდილობდა, თუმცა ეს დარტყმა მცირედით ასცდა როინ კვასხვაძის კარს. ერთ-ერთ ეპიზოდში მასპინძლები მატჩის არბიტრისაგან პენალტის დანიშვნასაც ითხოვდნენ, თუმცა ხარიტონაშვილმა ამ სიტუაციაში წესების დარღვევა ვერ აღმოაჩინა და თამაშის გაგრძელება ბრძანა...

 

უნდა ითქვას, რომ შეხვედრის მეორე ნახევარი ნაკლებად სანახაობრივი და მომენტებით ნაკლებად დასამახსოვრებელი გამოდგა. ლანჩხუთელები, რომლებსაც მატჩის გადარჩენა სწყუროდათ, კი აქტიურობდნენ, თუმცა მასპინძელთა კარის სიახლოვეს შექმნილი საშიშროება მხოლოდ სტანდარტული სიტუაციებიდან საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით განისაზღვრებოდა, რასაც როინ კვასხვაძისთვის განსაკუთრებული სანერვიულო არ შეუქმნია. იმერლები მომენტებს კი ჰქმნიდნენ, თუმცა გადამწყვეტი დარტყმების განხორციელებისას მათ სიზუსტე ღალატობდათ.

 

მეორე ტაიმში ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი ლანჩხუთელი გულშემატკივრის ერთი ნაწილის "აქტიურობა" გახლდათ. შესვენებისას მსაჯთა ბრიგადის "მოკითხვის" შემდეგ, მეორე ტაიმის მსვლელობისას მათ თავი ზესტაფონელთა სათადარიგოთა სკამის მიმართულებით წყლის ბოთლებისა და შუშის ჭიქების (რომლებიც რატომღაც სტადიონის ტერიტორიაზე თან აღმოაჩნდათ) სროლით გამოიჩნეს...

 

ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.

 

მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):

გურამ ასპინძელაშვილი (,,ზესტაფონი”): ,,ძალიან ძნელი თამაში გვქონდა. ,,გურია” საშინაო მატჩებს განსაკუთრებით კარგად ატარებს. პირველი ტაიმი ჩვენი უპირატესობით წარიმართა, თუმცა 1:0 მყარი ანგარიში არ არის და მის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა. დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის.’’ 

 

 

18.12.2013. ”გურია” (ლანჩხუთი) - ”ზესტაფონი” 0-1

დაწვრილებით:

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013