Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.12.2013

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 15 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეჩვიდმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ცხინვალის ”სპარტაკის” მეორე გუნდს თბილისში დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, კუპრაშვილი, გიორგაძე (ვაჭარაძე, 46), რობაქიძე, მოსიძე, ნაცვლიშვილი, ბარბაქაძე (ომარ გრიგალაშვილი, 81), მაკარიძე, კვარაცხელია (იონანიძე, 85), ეგუტიძე (ჩუბინიძე, 62), მიქელთაძე (ჭეიშვილი, 74).

 

იმის გამო, რომ სადღეისოდ მარგველთა დათოვლილ და გაყინულ ბაზაზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია, დღევანდელი შეხვედრა თბილისში, სტადიონ "ამერის" ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა. უნდა ითქვას, რომ დუბლიორთა ზესტაფონიდან გამომგზავრებიდან სულ მცირე ხანში რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აიკრძალა. შედეგად, სტიქიასთან გამკლავება უღელტეხილზე ჩარჩენილი ზესტაფონელების საქმე გახდა. მეტიც, გუნდის მიკროავტობუსის თოვლის ტყვეობიდან დახსნა რამდენიმეჯერ თავად ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს მოუწიათ. ბოლო-ბოლო, მომქანცველი მგზავრობის შემდეგ ზესტაფონელები თბილისში ჩავიდნენ და, მართალია 40-წუთიანი დაგვიანებით, მაგრამ მატჩი მაინც დაიწყო.

 

თოვლის ტყვეობიდან თავდაღწეულ ზემოიმერლებს საქართველოს დედაქალაქი ქარიშხლით შეეგება. ცხინვალელებთან მატჩის პირველი ტაიმის განმავლობაში "ამერის" თავზე ისეთი ძლიერი ქარი ჰქროდა, რომ გუნდებს ზედიზედ 2 ზუსტი გადაცემის გაკეთებაც უჭირდათ. ასეთ ვითარებას უფრო მალე ალღო აუღეს ცხინვალელებმა, რომლებსაც ქარის მიმართულებაც დიდად უწყობდა ხელს. პირველი ტაიმი "სპარტაკის" უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ეს უპირატესობა სამ გატანილ გოლში იქნა ასახული - 12-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლებს გარედან მოჭრილი დარტყმით თავის გუნდი არტურ გაძაოვმა დააწინაურა, 23-ე წუთზე დავით ნანიევმა კიდევ ერთი გოლით დაამწუხრა ზესტაფონელები, ხოლო 42-ე წუთზე ანატოლი ხუბეჟოვმა ანგარიში სამამდე გაზარდა.

 

მეორე ტაიმი უკვე ზესტაფონელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, გატანილი გოლებით ცხინვალელთა დამწუხრება მათ ვერ მოახერხეს. მეტიც, 88-ე წუთზე ლევან ქალდანმა გია მახათაძის კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანა. "სპარტაკის" გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013