მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო სამსახურის გადაწყვეტილებით, უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრა, რომელიც ზესტაფონში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბსა და ცხინვალის "სპარტაკს" შორის უნდა გამართულიყო, გადაიდო.
ზემო იმერეთში ისევ დაბალი ტემპერატურაა, რის გამოც ვერ ხერხდება გაყინული თოვლისაგან დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფარის გაწმენდა. ყოველივე ეს ადგილზე ჩასულმა შეხვედრის დელეგატმა ვალერი მანაგაძემ, ეროვნული კატეგორიის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა, მასპინძელთა და ცხინვალელთა წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ოფიციალურმა პირებმა შექმნილი ვითარების შესახებ იმსჯელეს და სათანადო აქტი გააფორმეს. მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.