როგორც მოგეხსენებათ, ”ზესტაფონი” 14 დეკემბერს ცხინვალელებთან გასამართი მატჩისთვის თბილისში, საფეხბურთო კლუბ "ოლიმპიკის" ბაზაზე ემზადება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩის გამართვის საკითხს სერიოზული საფრთხე ემუქრება - ზემო იმერეთში ნალექის უხვად მოსვლა ძლიერმა ყინვებმა შეცვალა.
დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ მოხერხდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ყოველივე ზემოთქმულს იმერეთისათვის უჩვეულო ყინვებიც (-7 - -8 გრადუსი) დაემატა. ეს გარემოება კი სათამაშო მოედნის გაწმენდას, ბალახის დაზიანების გარეშე, შეუძლებელს ხდის.
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეს-სამსახური დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს, 11:30 საათისთვის, შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს გთავაზობთ ...