2013 წლის 8 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის პირველი მატჩი - თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის სტადიონზე ადგილობრივმა ”დილამ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი წუთები მასპინძლებმა აქტიურად კი წარმართეს, თუმცა სტუმრები მალევე დამშვიდდნენ, ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას დაეუფლნენ და თავის უპირატესობა ეჭვქვეშ ტაიმის ბოლომდე არც დაუყენებიათ. ანგარიში 29-ე წუთზე გაიხსნა - გვერდითი ხაზის სიახლოვეს დანიშნული საჯარიმო დარტყმა გიორგი ჭანკოტაძის მაღალი ჩაწოდებითა და თედო გრიგალაშვილისგიორგი კაჭკაჭიშვილზე თავით გაკეთებული გადაცემით გაგრძელდა; თავის მხრივ, ამ უკანასკნელს ახლო მანძილიდან კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია. ტაიმის ბოლომდე გორელთა კარის აღების შანსები გიორგი ჭანკოტაძესა და საბა ლომიას მიეცათ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმის დებიუტში სტუმრებს ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდის მშვენიერი შესაძლებლობა მიეცათ - ვახტანგ ჭანტურიშვილმა, რომელსაც სანდრო გურულიც აქტიურად ეხმარებოდა, თამაში საკუთარ თავზე აიღო, ძალიან კარგი სოლო-რეიდი განახორციელა და ნუკრი რევიშვილთან პირისპირ გასულმა ბურთი მასპინძელთა კარს ააცილა... გორელებმა სულ მალე გაათანაბრეს - 58-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო და როინ კვასხვაძეს აუღებელი დაურტყა. კიდევ 4 წუთში კი წინ უკვე გორელები გავიდნენ - ზუსტი დარტყმით თავი ექს-ზესტაფონელმა თეიმურაზ ღონღაძემ გამოიჩინა,
ზესტაფონელებს გათანაბრება მალევე მართებდათ - აშკარა საგოლე მომენტი საბა ლომიას გაუცუდდა. სტუმრები მატჩის გადარჩენას ცდილობდნენ, ხოლო მასპინძლები სწრაფი კონტრშეტევების მეშვეობით თავის უპირატესობის კიდევ უფრო გაზრდის იმედად იყვნენ. შედეგად, ასეთ თამაშში ბედმა "დილას" გაუღიმა - მატჩის არბიტრ ალექსანდრე კრიჭაშვილის მიერ მატჩის ძირითადი დროისათვის დამატებულ მესამე წუთზე გიორგი ქვილითაიამ მესამედ აიღო იმერელთა კარი. გორელთა გამარჯვება ანგარიშით 3-1.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 14 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპინატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩში იმერლები ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.