|   06.12.2013             ინტერვიუ ვახტანგ ჭანტურიშვილთან    ვფიქრობ, სამეულში გასვლა რეალურია                ვახტანგ ჭანტურიშვილი შარშანწინ, 18   წლის ასაკში აიყვანეს “ზესტაფონში”, უცადა თავის შანსს და დღესდღეობით უკვე   გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. დაუფასდა და ალექსანდრე ჩივაძემ   21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახა. ჭანტურიშვილი ნახევარმცველია, ამ სეზონში   3 გოლი გაიტანა და აქედან ერთი საჩხერის “ჩიხურასთან” მატჩში –   შორიდან ჩახვეული დარტყმით გაათანაბრა ანგარიში.    “მსოფლიო სპორტი” ვახტანგ ჭანტურიშვილს ესაუბრა:   - გვახსოვს, 2012 წლის მაისში სუპერთასზე “გაგრას” გაუტანეთ გოლი, მაგრამ მაშინ იშვიათად ჩნდებოდით ძირითად გუნდში.  - სუპერთასი მოგვიანებით ჩატარდა, თასის მფლობელ “გაგრას” 3:1   მოვუგეთ და ერთი გოლი მე გავიტანე. იმ დროს გია ჭიაბრიშვილი გვწვრთნიდა.   ძირითად გუნდში ვვარჯიშობდი, თუმცა თამაში დუბლებში მიწევდა. უბრალოდ,   სუპერთასზე შერეული შემადგენლობით ვითამაშეთ.   - თავის დროზე “ზესტაფონში” როგორ მოხვდით?  - ბავშვობაში სულ “ნორჩ დინამოელში” დავდიოდი თენგიზ კაციასთან და   თამაზ კოსტავასთან. იქიდან წამიყვანეს “ზესტაფონის” დუბლებში.   - თავიდანვე ნახევარდაცვაში იყავით?  - დიახ, ფლანგის ნახევარმცველი ვიყავი. “ზესტაფონში” თავიდან   მარცხნივ ვიყავი, რატკო დოსტანიჩმა შუაში გადამწია, თუმცა გია გეგუჩაძემ   მარცხენა ფლანგზე დამაბრუნა. უბრალოდ, “ჩიხურასთან” ცენტრში მომიწია   თამაშმა, რადგან ლევან შარიქაძე არ გვყავდა.   - ამ სეზონში მნიშვნელოვანი გოლებიც გაგაქვთ.  - ჯერჯერობით, 3 გოლი მაქვს გატანილი. “მერანთან”, “დინამოსთან”   და “ჩიხურასთან”. დინამოელებთან ანგარიში გავათანაბრე, მაგრამ სამწუხაროდ,   ბოლოს მაინც წავაგეთ. რამდენიმე ბურთი თასზე და ამხანაგურებშიც მაქვს   გატანილი.   - “ჩიხურასთან” მატჩს როგორ შეაფასებდით?  - ძლიერი მეტოქე გვყავდა და გაგვიჭირდა. თავიდან ცოტა არეულები   ვიყავით, გვიტევდნენ. შემდეგ კი თამაში დავალაგეთ. კარგი იქნებოდა,   მოგვეგო, მაგრამ არ გამოგვივიდა.   - გეგუჩაძის მოსვლა “ზესტაფონს” აშკარად დაეტყო. მთავარი, რაც გუნდში შეცვალა, რა იყო?  - რწმენა შეგვმატა. უფრო თავდაჯერებულები ვართ და შემტევ ფეხბურთსაც ვთამაშობთ.   - თქვენი აზრით, “ზესტაფონს” მესამე ადგილზე გასვლა რეალურად შეუძლია?  - ვფიქრობ, შეგვიძლია. ჯერ ექვსეულში უნდა დავმკვიდრდეთ, მერე კი ამოცანა შედარებით გაიოლდება.    - პირადად თქვენთვის ამ სეზონში რომელი მატჩი იყო საუკეთესო? - ალბათ, “დინამოსთან”. გამორჩევა მაინცდამაინც არ მიყვარს, მაგრამ, შედარებით, დინამოელებთან თამაშზე ვიტყოდი.   - როგორც ვიცით, 17 და 19-წლამდელებში არასოდეს გითამაშიათ, თუმცა 21-წლამდელებში გამოგიძახეს.  - დიახ, პირდაპირ 21-წლამდელებში მოვხვდი, თუმცა დებიუტი არც აქ   მქონია. შოტლანდიასთან მატჩისთვის ვიყავი გამოძახებული, მაგრამ არ   მითამაშია. ყველანაირად ვეცდები, რომ სეზონიდან სეზონამდე მოვუმატო.        |