05.12.2013
დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტური
5 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთხუთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საჩხერის ”ჩიხურას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, ნაცვლიშვილი, ახალაძე, გოგია (ომარ გრიგალაშვილი, 81), მოსიძე, მაკარიძე (ვაჭარაძე, 75), რაჟამაშვილი (ბარბაქაძე, 58), რეკრუკი (ჭეიშვილი, 58), კვერნაძე, კვარაცხელია (ჩუბინიძე, 71).
იმის გამო, რომ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” დათოვლილ ბაზაზე ახლაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, დღევანდელ შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. პირველი ტაიმი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და შესვენებისთვის ეს უპირატესობა ორ გატანილ გოლში იქნა ასახული - 19-ე წუთზე ზესტაფონელები შორიდან გამოზომილი დარტყმით ბადრი კვარაცხელიამ დააწინაურა, ხოლო 37-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლებს გარეთ მყოფმა მოჰამედ რეკრუკმა ბურთი მეტოქე გუნდის კარში ფაქტიურად ნულოვანი კუთხიდან გადაგზავნა.
მეორე ტაიმის პირველი ნაწილი ისევ ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და 66-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. ამის შემდეგ კი უკვე სტუმრები გააქტიურდნენ და ანგარიშის "დასასველებლად" გაიწიეს. აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს მასპინძლებმა თავი კარგად გაართვეს და მატჩი დამსახურებული, დიდი ანგარიშით გამარჯვებამდეც მიიყვანეს- 3-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |