მიმდინარე წლის 4 დეკემბერს საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ მარგველთა დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” უმასპინძლა.
ოთხი დღის წინ რუსთაველებთან გამართული მატჩის მსგავსად, გია გეგუჩაძის სამწვრთნელო ლიცენზიის გახანგრძლივების მიზნით უკრაინაში ყოფნის გამო, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონს" დღევანდელ შეხვედრაშიც ისევ ზესტაფონელთა დამრიგებლის ასისტენტმა გურამ ასპინძელაშვილმა უთავკაცა.
უნდა მოგახსენოთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ზესტაფონში თოვდა. შესაბამისად, დღეს დილით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე გაზონი თოვლის 10-სანტიმეტრიანი საფარის ქვეშ აღმოჩნდა. სიტუაციის მოგვარებაში მასპინძლებს ფირმა "Lawns of Georgia"-ს მიერ შემოთავაზებული მინდვრის თოვლისაგან გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება დაეხმარა. სხვათაშორის, ეს ის ფირმა გახლავთ, რომელიც სპორტული გაზონების დამზადების სფეროში საქმიანობს და მჭიდროდ თანამშრომლობს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონთან" (მარგველთა საწვრთნელ ბაზასა და სტადიონზე მინდვრების დაგება და მათი შემდგომი ექსპლუატაცია სწორედ ამ ფირმის წარმომადგენელთა მონაწილეობით ხორციელდება). ცხადია, ცდა არც სტადიონის დირექციამ და პერსონალმა დააკლეს და მატჩის დაწყების მომენტისთვის, ყინვის მიუხედავად, მინდორი მშვენივრად გამოიყურებოდა.
მატჩის საწყისი წუთები თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ორივე გუნდს ნერვიულობა ეტყობოდა. ხელში თავის აყვანა უფრო მალე სტუმრებმა მოახერხეს და თამაშის სადავეების ხელში ჩაგდებაც განიზრახეს - თამაშს ამ მონაკვეთში ბურთს უფრო მეტხანს საჩხერელები აკონტროლებდნენ, თუმცა, გიორგი გაბედავას მონაწილეობით შექმნილ ერთ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, რაიმე ღირებულის შექმნა მათ ვერ მოახერხეს.
თანდათანობით ზესტაფონელებსაც გაუარათ სასტარტო მღელვარებამ და ტაიმის მეორე ნახევარი უკვე მასპინძელთა კარნახით წარიმართა. გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო გიორგი ჭანკოტაძე - მისი დარტყმული "ჩიხურას" კარის ხარიხას, რევაზ თევდორაძის ხელთან კონტაქტის შემდეგ, მოხვდა. სახიფათო გახლდათ სანდრო გურულის ჩაწოდება, თუმცა სტუმართა გოლკიპერი აქაც საიმედოდ გაისარჯა...
ტაიმის მიწურულს, ერთ-ერტი სათამაშო ეპიზოდის დასრულებისა და ამ ეპიზოდში საჩხერელთა შემტევის, ბესიკ დეკანოიძის დაჯარიმების შემდეგ, რაღაცით უკმაყოფილო სტუმართა ფეხბურთელმა ზესტაფონელთა ბრაზილიელ ლეგიონერ რენე ფერეირას ხელი ჰკრა და მოედანზე სიტუაციაც დაძაბა. მატჩის არბიტრმა თორნიკე გვანცელაძემ მღელვარება შემდეგნაირად "დაამშვიდა" - მან ფეხბურთელებს, მათ შორის თავის "ბრალეულობასთან" დაკავშირებით გაურკვევლობაში მყოფ ლათინოამერიკელს, ყვითელი ბარათები აუფრიალა. ამ უცნაური ყვითელი ბარათის გამო კი მას შემდეგი მატჩის გამოტოვება უწევს...
მეორე ტაიმი ისევ მასპინძელთა იერიშებით დაიწყო და სწორედ ამ დროს გოლი საჩხერელებმა გაიტანეს - 48-ე წუთზე სტუმართა კონტრშეტევისას დიმიტრი ტატანაშვილმა დასარტყმელ პოზიციაზე ნიკა კვასხვაძე გაიყვანა და ამ უკანასკნელმა ბურთი ძმის, როინ კვასხვაძის კარის ბადეში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა.
გაშვებული გოლის შემდეგ ზესტაფონელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და 62-ე წუთზე ანგარიში საყაიმო გახადეს - საჯარიმოს გარეთ მყოფმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ბურთი თანაგუნდელ საბა ლომიასგან მიიღო და კარში ძლიერად დაარტყა - ბურთმა უცნაური ტრაექტორია მოხაზა და რევაზ თევდორაძის კარის ბადეში აღმოჩნდა.
მასპინძლებმა კიდევ უფრო მოუმატეს სიჩქარეებს და, შედეგად, მათ სტუმართა კარის აღების შესაძლებლობები კიდევ შეექმნათ. სახიფათო იყო სანდრო გურულის შორეული გასროლა და მიხეილ სარდალიშვილის თავური, ხოლო მატჩის მიწურულს კარის სიახლოვეს დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილ გურამ სამუშიას გადამწყვეტი დარტყმა დაუგვიანდა. შედეგად, ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.
შემდეგ მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 8 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩში იმერლები გორს ესტუმრებიან და იქ ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ ”დილას” დაუპირისპირდებიან. მატჩი 14:00 საათზე დაიწყება.