Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

30.11.2013

 

 

 

 

 

 

 

პრინციპულ მეტოქეთა მორიგი შეხვედრა

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ პრინციპულ მეტოქეთა დაპირისპირებაში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” უმასპინძლა.

 

სანამ უშუალოდ მატჩის პერიპეტიებზე წერას შევუდგებოდეთ, უნდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელ შეხვედრაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდს მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი უძღვებოდა. საქმე იმაშია, რომ გუშინ საღამოს გამართული მატჩისწინა ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გია გეგუჩაძე, უმაღლესი სამწვრთნელო ხარისხის (პრო-ლიცენზია) გახანგრძლივების მიზნით, რამდენიმე დღით უკრაინაში გაემგზავრა.

 

მართალია, ბოლო ორი დღის განმავლობაში ზესტაფონში უხვად მოსულმა ნალექმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფარის კონდიციებს ბევრი ვერაფერი დააკლო, თუმცა კოკისპირულმა წვიმამ, რომლის თანხლებითაც მიმდინარეობდა შეხვედრის პირველი ტაიმი, მოედანზე მოვლენათა განვითარებას თავის დაღი მაინც დაასვა. მიმდინარეობდა მატჩის მე-9 წუთი, როდესაც ნაემეკა აჯურუს გადაცემის შემდეგ სტუმართა საჯარიმოს მიმართულებით მოძრავმა ლევან შარიქაძემ ბურთი კარისკენ მოჭრილი დარტყმით გაგზავნა, მრგვალ საგანს თითქოს მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი უნდა დაუფლებოდა, მაგრამ ის ვერ შეიმაგრა და ანგარიშიც ასე გაიხსნა.

 

მასპინძლებს ანგარიშის გაზრდის რამდენიმე კარგი შესაძლებლობა პირველივე ტაიმში მიეცათ - ორი აშკარად საგოლე მომენტი შეექმნა საბა ლომიას, მაგრამ მას ჯერ სიზუსტემ უმტყუნა, შემდეგ კი თავის გუნდი რუსთაველთა კარის დარაჯმა გადაარჩინა; ქვემოქართლელთა გოლკიპერმა ავთო ენდელაძის ძლიერი დარტყმაც მოიგერია; შარიქაძე-ჭანკოტაძის კარგი კომბინაციის შემდეგ კი ამ უკანასკნელის დარტყმულს სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

 

მეორე ტაიმი წვიმის შეჩერებითა და მასპინძელთა მეორე გოლით დაიწყო - 49-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ კუთხური სწრაფად გაითამაშეს, ჭანკოტაძემ სტუმართა საჯარიმოს კუთხისკენ წაიწია და ულამაზესი მოჭრილი დარტყმით ქვემოქართლელთა მცველები და მეკარე უსაქმოდ დატოვა... რამდენიმე წუთში ანგარიშის კიდევ უფრო გაზრდასთან ახლოს ავთო ენდელაძე გახლდათ, მაგრამ საჯარიმოს ხაზიდან მისი დარტყმული სტუმართა კიპერს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.

 

69-ე წუთზე რუსთაველებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს - მასპინძელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა და მაღალი ჩაწოდება გიორგი ჩირგაძის გოლით დასრულდა. სტუმრებმა მატჩის გადარჩენა კი მოინდომეს, თუმცა ეს მონდომება მასპინძლებისთვის განსაკუთრებული უსიამოვნებების შემქმნელი ვერ გამოდგა. მეტიც, გრიგოლ ბედიაშვილის უყურადღებობის შემდეგ, ანგარიშის მარგველთა სასარგებლოდ შეცვლის რეალური "საფრთხე" შეიქმნა, თუმცა "მეტალურგი" ისევ გოლკიპერმა გადაარჩინა. "ზესტაფონის" მნიშვნელოვანი გამარჯვება ანგარიშით 2-1.

 

მატჩის შემდეგ:

გიორგი ჯმუხაძე (“მეტალურგი”):  “ვულოცავ მეტოქეს დამსახურებულ გამარჯვებას. ძალიან კარგი და დაძაბული თამაში იყო. ამინდმა გარკვეული კორექტივები შეიტანა ჩვენს თამაშში. მეორე ტაიმში შევცვალეთ გუნდის თამაში და გოლიც გავქვითეთ, მაგრამ მეტის გასაკეთებლად დრო აღარ გვეყო”.

 

გურამ ასპინძელაშვილი (“ზესტაფონი”): “დავეთანხმები კოლეგას, თამაში მართლაც კარგი სანახავი იყო. მივიჩნევ, ჩვენ ვიმსახურებდით ამ გამარჯვებას, რადგან ჩვენ გუნდს ეს გამარჯვება უფრო სწყუროდა. მართალია, სამუშაო ბევრია, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ქულებია. მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს. უამინდობის მიუხედავად, ისინი მრავლად იყვნენ სტადიონზე და ამ შედეგის მიღწევაში დიდი წვლილი შეიტანეს”.   

 

 

30.11.2013. ”ზესტაფონი” - ”მეტალურგი” (რუსთავი) 2-1

დაწვრილებით:

 

 

შემდეგ მატჩს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 4 დეკემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთხუთმეტე ტურის მატჩში იმერლები საჩხერის საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013