Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

29.11.2013

 

 

 

 

 

 

მორიგი ზესტაფონურ-რუსთავური დუელის მოლოდინში

 

 

 

 

 

 

 

 

 

შაბათს, 30 ნოემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გასამართ შეხვედრაში იმერული კლუბი რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს.

 

რუსთავის "გორდასთან" ქალაქ ზესტაფონის წარმომადგენელი კლუბების დაპირისპირებათა ისტორია 1991 წლიდან (რიგით მეორე ეროვნული ჩემპიონატი) მოყოლებული იღებს სათავეს - მეტალურგთა ორი ქალაქის გუნდების შეხვედრები ყოველთვის პრინციპული და დაძაბული ხასიათისა გახლდათ. წარმატებას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე აღწევდა და 1991 - 2003 წლებში გამართული მატჩების დაჯამებით იმერელთა მინიმალურ უპირატესობას მივიღებთ.

 

რაც შეეხება რუსთაველებთან ("ოლიმპი" და "მეტალურგი") საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ურთიერთობებს - სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში ეს გუნდები ერთმანეთს 22-ჯერ დაუპირისპირდნენ, მაგრამ ერთ მატჩში შედეგი არ დაფიქსირებულა (ზესტაფონში 2010 წლის 20 მარტს გამართული მატჩი, რომელშიც 89-ე წუთამდე 1-1 იყო, არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მინდორზე შექმნილი არასაფეხბურთო სიტუაციის გამო არ დაამთავრა და საბოლოოდ ორივე გუნდს მარცხი (0-3) ჩაეთვალა). დანარჩენ მატჩებში 8-ჯერ იმარჯვეს ზესტაფონელებმა, 7 დასრულდა ფრედ, 6 კი მოიგეს რუსთაველებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირატესობა იმერელ ფეხბურთელებს გააჩნიათ - 21:15.

 

ხშირი გახლდათ რუსთავურ-ზესტაფონური "ბრძოლები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც. უნდა ითქვას, რომ აქ აშკარა უპირატესობა იმერლების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 6 სათასო შეხვედრაში 4-ში იმერლებმა იმარჯვეს, ხოლო 2 მატჩი დასრულდა ფრედ, ბურთების სხვაობა 7:1 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.

 

საინტერესოა ისიც, რომ გატანილი გოლებით ზესტაფონელთაგან ქვემოქართლელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია - დღესდღეობით აზერბაიჯანული "ყარაბახის" ფორვარდს რუსთაველთა კარში 6 გოლი აქვს გატანილი (სათასო მატჩების ჩათვლით - 8). ჯაბა დვალს "ოლიმპისა" და "მეტალურგის" კარი 3-ჯერ აქვს აღებული (თასის ჩათვლით - 4), 2-2-ჯერ კი რუსთაველთა კარის ბადე ერთბაშად 5 ზესტაფონელ ფეხბურთელს (ჟილვან გომეს ვიეირა, გოგი ფიფია, ბექა გოცირიძე, თორნიკე გორგიაშვილი და შოთა გრიგალაშვილი) შეურხევია...

 

რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგთან" ხვალ (30 ნოემბერს) გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას არბიტრი ლაშა სილაგავა მოემსახურება, 18:00 საათზე დაიწყება.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013