25.11.2013
დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტური
2013 წლის 25 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”ტორპედოს” მეორე გუნდს ქუთაისური კლუბის ბაზაზე ესტუმრნენ.
სტუმრებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, კუპრაშვილი, რობაქიძე, გიორგაძე, ახალაძე (ჩუბინიძე, 83), გოგია (ვაჭარაძე, 73), მაკარიძე, ეგუტიძე (ჭეიშვილი, 56), კიკნაველიძე (მოსიძე, 82), ბარბაქაძე, მიქელთაძე.
"ტორპედოს" დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირების პირველი ნახევარი თანაბარ ბრძოლაში გაილია. ტაიმი თითქოს უგოლოდ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტაიმის მიწურულს, კერძოდ 44-ე წუთზე, ანგარიში მაინც გაიხსნა - ზესტაფონელთა მცველების შეუთანხმებელი თამაშით კარგად ისარგებლა ოთარ კუსიანმა და ზუსტი დარტყმით ბურთი კარის ბადეში გადაგზავნა.
მეორე ტაიმი უკვე მასპინძელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა. 53-ე წუთზე მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო მამია გავაშელიშვილმა გახადა, 70-ე წუთზე კი სტუმართა კარი მესამეჯერ ოლეგ მამასახლისმა აიღო. ზესტაფონელებმა პრესტიჟის გოლის გატანა სცადეს და თამაშის ბოლოს "ტორპედოს" კართან რამდენიმე კარგი ეპიზოდიც შექმნეს, თუმცა ანგარიში უცვლელი დარჩა - მარცხი დიდი ანგარიშით 0-3.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |