2013 წლის 24 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეცამეტე ტურის მატჩები. ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე ადგილობრივმა ”ტორპედომ” საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი შემდეგი სცენარით წარიმართა - ტერიტორიულ უპირატესობას ხან ერთი, ხანაც მეორე მხარე ეუფლებოდა, სახიფათო მომენტები კი ნაკლებად იქმნებოდა. პირველი ხიფათი სტუმართა კართან შეიქმნა - ნიკა საბანაძის ახლოდან დარტყმული მარგველთა კაპიტანმა როინ კვასხვაძემ მოიგერია. ტაიმის ბოლოს კი ზედიზედ ორ ეპიზოდში გოლის გატანასთან ახლოს უკვე ზესტაფონელებმა იყვნენ. უნდა აღინიშნოს ის, რომ ქუთათურები დიდ უსიამოვნებებს ორივეჯერ მათი კარის დარაჯმა მაქსიმე ქვილითაიამ გადაარჩინა - მან ჯერ გიორგი ჭანკოტაძის ურთულესი დარტყმა მოიგერია, ხოლო შემდეგ მასთან პირისპირ გასულ საბა ლომიას არ გაატანინა. პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0-0.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლებმა სტუმართა კართან
კიდევ ერთი მომენტი შექმნეს - გიორგი ხიდეშელის ჩაწოდების შემდეგ, კართან სახიფათო სიახლოვეს მყოფმა ლაშა ჭელიძე დაარტყა თავით, თუმცა როინ კვასხვაძე ცივსისხლიანად გაისარჯა. 56-ე წუთზე კი მარგველებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს - "ზესტაფონის" მორიგი შეტევის შემდეგ, მასპინძელთა გოლკიპერთან პირისპირ საბა ლომია გადიოდა, მისი დარტყმული მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთთან ყველაზე ადრე ავთო ენდელაძემ გაჩნდა და ის კარის ბადეში მშვიდად გადაგზავნა.
ანგარიშში დაწინაურების შემდეგ, ზემოიმერლები აშკარა უპირატესობას დაეუფლნენ და მათ გატანის კიდევ რამდენიმე კარგი შესაძლებლობა მიეცათ - ჯერ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულ საბა ლომიას შეეძლო გატანა, თუმცა ახლო მანძილიდან მისი თავით დარტყმული ქვილითაიამ მოიგერია, მერე კი მეტოქის საჯარიმო მოედნის ხაზის სიახლოვიდან თორნიკე გრიგალაშვილის უძლიერესი "გასროლილი" სულ მცირედით ასცდა მასპინძელთა კარს...
ამის შემდეგ თამაში დამშვიდდა, რასაც დიდწილად ხელი გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა შეუწყო. სტუმრები ბურთს და ზოგადად თამაშის მიმდინარეობას მშვიდად აკონტროლებდნენ და თამაშისათვის განკუთვნილი დრო ისე გაილია, რომ "ტორპედოს" ანგარიშის სათავისოდ შეცვლის რეალური შესაძლებლობა არც მისცემია. ზესტაფონელთა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
მატჩის შემდეგ (www.worldsport.ge):
გია გეგუჩაძე (“ზესტაფონი”) –“ვიცოდით, რომ ძნელი მატჩი გველოდა. ახლა იმ სტადიაზე ვართ, რომ დასაკარგი არაფერია. ქულები გვჭირდება და კარგია, რომ დღეს გამარჯვება შევძელით. თამაშის ხარისხიც აქედან გამომდინარე გვაკმაყოფილებს”.
ჟერარდ სარაგოსა მულეტი (“ტორპედო”) – “პირველ ტაიმში გვქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმშიც შეგვეძლო გატანა. ჩემის აზრით, გოლის გაშვებამდე იყო ჯარიმა და არბიტრმა შეხვედრა არ გააჩერა. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, მათ ბოლომდე იბრძოლეს”.
მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 30 ნოემბერს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის მატჩში იმერლები რუსთავის საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.
გამოყენებულია მალხაზ ახვლედიანისა და ქუთაისის "ტორპედოს" ვებგვერდის ფოტომასალა