|   22.11.2013                 მორიგი   დერბის წინათქმა                  
            
              |  |  
              | 
                  ზურაბ იონანიძე "ტორპედოს" კარში გატანილ გოლს ზეიმობს  |  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”          მორიგი მატჩისთვის ემზადება. 24 ნოემბერს, საქართველოს XXV    ეროვნული ჩემპიონატის   მეცამეტე ტურში   მორიგი  იმერული დერბი გაიმართება - ქუთაისის ცენტრალური  სტადიონი  ადგილობრივი "ტორპედოსა"    და    საფეხბურთო კლუბ   ”ზესტაფონის” რიგით ოცდამეორე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.       საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დღემდე გამართულ  21 საჩემპიონატო  მატჩში  9-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5  დასრულდა ფრედ, 7   კი მოიგეს  ქუთაისელებმა.  გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობა      კი სადღეისოდ საყაიმოა -  20:20.      ფეხბურთის გულშემატკივარს  კარგად ახსოვს იმერული "ჯახები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც.   აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა - სადღეისოდ გამართულ 5   სათასო შეხვედრაში  მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2  მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ  გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.     აღნიშვნის ღირსია  ის, რომ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ახლახანს დაბრუნებული გია გეგუჩაძე ზემოიმერელთა რიგებში  დაბრუნებამდე 2 სეზონი სწორედ "ტორპედოს" ხელმძღვანელობდა და ქუთათურებს ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტიც მოაპოვებინა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ  ქუთაისელთა კარში ზესტაფონელთაგან სხვაზე ხშირად  ზურაბ  იონანიძეს  გაუტანია - იონას  ანგარიშზე  6  გოლია.    ქუთაისის   "ტორპედოსთან"  კვირას, 24 ნოემბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც თბილისელი ფიფას  არბიტრი დავით  ხარიტონაშვილი  მოემსახურება, 16:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ტელეკომპანია "რიონის" ეთერში გადაიცემა.    |