Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

21.11.2013

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ გიორგი ჭანკოტაძესთან

 

 

 

 

 

 

 

გიორგი ჭანკოტაძე
 

24 ნოემბერს ქუთაისი იმერულ დერბის უმასპინძლებს. ქუთათურებს ჩემპიონატში ზედიზედ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ. რაც შეეხება მარგველებს, მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ.  გია გეგუჩაძემ გუნდი წინა ტურში ჩაიბარა და "დინამოსთან" სადებიუტო მატჩში დასანანი მარცხი განიცადა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორი წლის მანძილზე გეგუჩაძე სწორედ ქუთაისელთა თავკაცი იყო.

 

ინტერნეტ-საიტ Geosports.ge-ს ჟურნალისტი ზესტაფონელ გიორგი ჭანკოტაძეს გაესაუბრა და მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. გიორგი მარგველთა რიგებში რამდენიმე წელი ირიცხება. ის იმერულ გუნდში ჯერ კიდევ მაშინ ასპარეზობდა, როდესაც მას გიორგი გეგუჩაძე პირველად ჩაუდგა სათავეში. 2011 წლის შემდეგ ახალგაზრდა ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში აღარ ჩანდა, შემდეგ ცოტა ხნით "სიონში" იყო განათხოვრებული, მერე კი ძირითადად დუბლშემადგენლობაში ასპარეზობდა.

 

გასულ ტურში მთავარმა მწვრთნელმა მას უდიდესი ნდობა გამოუცხადა და ფეხბურთელი "დინამოსთან" ძირითად შემადგენლობაში დააყენა. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს საკმაოდ კარგი მატჩი გამოუვიდა, ყველაზე მეტად თვალშისაცემი კი მისი და საბა ლომიას დუეტი იყო - მათ მაყურებელს თავი კარგი ურთიერთქმედებით დაამახსოვრეს.

 

- ამ ხნის განმავლობაში პირველად მოხვდი ძირითად შემადგენლობაში. აქამდე რა იყო ხელისშემშლელი ფაქტორი და რა შეიცვალა ახლა?
- არანაირი პრობლემა არ მქონია, მონდომებას არც მაშინ ვაკლებდი და არც ახლა. ყოველთვის ვცდილობ და მომავალშიც ვეცდები, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო. მე და საბა ლომია დიდი ხანია ერთად ვთამაშობთ და მინდორზე ერთმანეთს საკმაოდ კარგადაც ვუგებთ. რა შეიცვალა და რა მოხდა, ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, მე ყოველთვის ბოლომდე გავიხარჯები.

- შეუძლია თუ არა კლუბს ამ შემადგენლობით წარმატების მიღწევა და რა არის ამ დროისთვის თქვენი მიზანი?
- ჩვენი მიზანი, პირველ რიგში, ექვსეულია, შემდეგ კი ევროზონისთვის ვიბრძოლებთ. ვიცი, რომ ყველა ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. შემადგენლობას რაც შეეხება, ჩემი აზრით, გუნდში გვყავს ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ კლუბისთვის წარმატების მოტანა. სხვა დანარჩენი კი მწვრთნელის საქმეა, მან უკეთ იცის თუ რა რგოლში ესაჭიროება კლუბს გაძლიერება.

- მომავალი მატჩისთვის როგორ ემზადებით?

- განსაკუთრებული არაფერი ხდება, როგორც აქამდე, ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით. მიმდინარე სანაკრებო პაუზა საკმაოდ ნაყოფიერად გამოვიყენეთ - ორი სპარინგმატჩი გავმართეთ. "ტორპედო" კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ ქუთაისში მოსაგებად ჩავალთ და დიდი იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ კიდეც...

 

იბეჭდება მცირე ცვლილებით ...

ბაჩანა ცხადაძე, www.geosports.ge

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013