19.11.2013
"ლელოს" პუბლიკაცია
დაღლილი პრეზიდენტი ...
ილია კოკაიამ პირობა შეასრულა და "ზესტაფონის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა. პირობა ასეთი იყო: თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თავკაცი ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგებოდა, მაშინ კოკაია "ზესტაფონიდან" წავიდოდა...
კოკაიამ "ზესტაფონს" ახალ წლამდე სამყოფი ბიუჯეტი დაუტოვა, ერთხელაც გააკრიტიკა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და იქვე დასძინა - ჩემი გადაწყვეტილება ფეხბურთიდან წასვლას არ ნიშნავსო.
ფეხბურთი განსაკუთრებული ბაცილაა - თუ შეგეყარა, აღარ მოგეშვება. ქართულ კლუბებში სხვა პრეზიდენტებიც არიან, ოღონდაც, ეს ბაცილა ყველასთან არ მისულა, ზოგი პრეზიდენტი სულაც შემთხვევით აღმოჩნდა ფეხბურთში, რადგან ასე მოითხოვა ხელისუფლებამ და ბიზნესინტერესებმა.
ნამეტანი თავისუფლებაც არ ვარგა, მეტისმეტად თავკერძი ხდება ადამიანიო - უთქვამს ერთ ქართველ მწერალს და, ალბათ, ასეც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში - ტოტალური კონტროლის მოხსნის შემდეგ ზოგი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა კლუბის ბიუჯეტი შეამცირა, რადგან მას აღარავინ ავალდებულებს კლუბის მაღალ დონეზე შენახვას.
კოკაიას და "ზესტაფონის" შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. ასეთ კრიტიკას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი, ერთი წლის წინათ და უფრო ადრეც, ვერავინ გაბედავდა; ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ ამოიღებდა ხმას იმაზე, რომ მუნიციპალურ კლუბებს სახელმწიფო მილიონობით ლარს ურიცხავს, კერძო კლუბებს კი არც ფულს აძლევს და არც შეღავათებს უწესებს.
კოკაია "ზესტაფონიდან" რომ წავიდა, ეს იყო პროტესტის ფორმა. ის მხოლოდ იმიტომ არ წასულა, რომ თორნიკე გორგიაშვილმა "ზესტაფონს" სადავო საქმე მოუგო - გადაწყვეტილება დაღლამ განაპირობა.
დაღლას ბევრი რამე იწვევს, მაგალითად, ლოდინი. ფეხბურთში ფულის მიმტანი კაცი უკუგებას ელის, კიდევ - სახელმწიფოსგან ხელშეწყობას, სტიმულს, რამაც უნდა შეაძლებინოს საფეხბურთო კლუბის შენახვა.
ზოგიც სამართლიანობის აღდგენას ელის ქართულ ფეხბურთში, წართმეულის დაბრუნებას, ქონება ჩალის ფასად რომ დაათმობინეს, იმის კომპენსაციას. ყველაფერი ეს თავისუფლების ხარისხის ზრდამ გამოიწვია...
კოკაია ფეხბურთში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გამოჩნდა, ფეხბურთელების ტრანსფერებს მოჰკიდა ხელი; კლუბის შექმნის იდეა და შესაძლებლობა კი იმ პერიოდში გაუჩნდა, როცა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია გახლდათ. "ზესტაფონმა" მაშინ წყალტუბოს "სამგურალისგან" შეიძინა ადგილი უმაღლეს ლიგაში და კარგი საქმეც დაიქოქა.
კოკაია მოკავშირეებს ეძებდა. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გახდა ახალი ხელისუფლების ფავორიტის, უმცროსი ნოდარ ახალკაცის მოკავშირე. თითქმის ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი მაშინ "ზესტაფონში" იყრიდა თავს, "ზესტაფონი" ხდებოდა საბაზო გუნდი ასაკობრივი ნაკრებებისთვის.
ამ პროექტმა მაინცდამაინც ვერ გაამართლა, უმცროსი ახალკაციც დიდხანს არ დატოვეს თანამდებობაზე. კოკაიამაც კურსი შეცვალა, უარი თქვა ცუდი რეპუტაციის მწვრთნელზე და "ზესტაფონში" გია გეგუჩაძე მიიწვია. პრეზიდენტმა მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა და შედეგმაც არ დააყოვნა - ყველა სპეციალისტი ერთხმად აღნიშნავდა, საქართველოში ყველაზე კარგ ფეხბურთს "ზესტაფონი" თამაშობსო...
ეს გუნდი პირველად 2011 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი. წარმატება მომდევნო წელსაც გაიმეორა, თუმცა მაშინ საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენად ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გახდა საჭირო...
კოკაიას არაერთხელ გაუკეთებია მკვეთრი განცხადებები, რასაც ყველა ერთგვაროვნად არ აფასებდა, ოღონდაც, ყველას ერთი აზრი ჰქონდა იმაზე, უყვარს კოკაიას ფეხბურთი თუ არა. ამ კაცმა ზესტაფონში მძლავრი საფეხბურთო კერა შექმნა, ეს კი უკვე დიდი საქმეა.
მე (ავტორი - დავით თავართქილაძე) მაინც მგონია, რომ ადრე თუ გვიან კოკაია "ზესტაფონში" დაბრუნდება, თანაც, მეტი გამოცდილებით. ამბობენ, სახელმწიფო საკლუბო ფეხბურთს 2014/15 წლების სეზონისთვის კი არა, უფრო ადრე, 2014 წლის ზამთრიდან დაეხმარება კონცეპტუალურ-სისტემურადო.
სამწუხაროდ, ყველა კარგი ჭორი ხშირად არ მართლდებაო, მაგრამ ვინ იცის, იქნებ გამონაკლისი მოხდეს....
|