18 ნოემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან ისევ შეიკრიბნენ ფეხბურთის მოყვარულები. როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა, ბატონმა ილია კოკაიამ თანამდებობა დატოვა. თანამდებობიდან წასვლამდე მან კლუბის ბიუჯეტი დაამტკიცა, რითაც უზრუნველყო გუნდის შეუფერხებელი ფუნქციონირება მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე.
2014 წლის 1 იანვრიდან კლუბის დაფინანსების საკითხი კი ისევ გაურკვეველია. სწორედ ამასთან დაკავშირებით ფეხბურთის გულშემატკივართა ჯგუფი დღეს გამართულ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ესტუმრა - ქომაგებმა ხალხის რჩეულებს კლუბის დაფინანსების უზრუნველყოფის საქმეში თანადგომა და დახმარება თხოვეს.