Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

14.11.2013

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონმა" საქმე ფიფაში მოიგო!

 

 

 

 

 

 

 

 

 

ჩვენი საიტის მომხმარებელსა და ზოგადად საფეხბურთო საზოგადოებას კარგად ახსოვს გახმაურებული ისტორია, რომელიც ერთ დროს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ფეხბურთელის მურთაზ დაუშვილის უკრაინულ ლვოვის "კარპატიში" სკანდალურ გადასვლასთანაა დაკავშირებული.

 
როგორც მოგეხსენებათ, მურთაზ დაუშვილმა, რომელიც საფეხბურთ კლუბ "ზესტაფონის" აზრდილია, იმერული კლუბის რიგებში ექვსი წელი გაატარა. 2011 წლის ზაფხულის მდგომარეობით მისი სატრანსფერო ღირებულება, ექსპერტთა შეფასებებით, მილიონ ევროს აღემატებოდა. სწორედ 2011 წლის ზაფხულში, მაშინ როდესაც იმერული გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებაზე იყო კონცენტრირებული, ლვოვის "კარპატისა" და მურთაზ დაუშვილს შორის გაფორმდა წინასწარი კონტრაქტი. როგორც მოგეხსენებათ, ამის შესახებ ინფორმაცია და კონტრაქტის გაფორმების დამადასტურებელი ფოტომასალა თავად უკრაინელებმა გაავრცელეს, თუმცა შემდგომ, საქმეში ქართული მხარის ჩართვის შემდეგ, ინტერნეტ-სივრციდან ამ მასალის სასწრაფოდ მოშორება სცადეს.

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა", იმის გათვალისწინებით, რომ მურთაზ დაუშვილს თავის ახალ კლუბში გადასვლის მომენტში არ შესრულებია 23 წელი, ფიფას შესაბამისი რეგულაციის შესაბამისად, ლვოველთაგან მოითხოვა ფეხბურთელის აღზრდისა და მომზადებისათვის კუთვნილი კომპენსაცია, რომელიც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 60 000 ევროს ფეხბურთელის მიერ ჩვენს კლუბში გატარებულ ყოველ წელიწადზე და ჯამში 360 000 ევროს შეადგენდა.

 

2012 წლის დასაწყისში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მოვიდა წერილი ფეხბურთელის საერთაშორისო სატრანსფერო სერტიფიკატის მოთხოვნით, თუმცა არა "კარპატის", არამედ საფეხბურთო კლუბ "ლვოვის" სახელით. წერილში იყო ნათქვამი იმის შესახებ, რომ მურთაზ დაუშვილმა კონტრაქტი სწორედ ამ კლუბთან გააფორმა. ცოტა ხანში "ლვოვმა" ფეხბურთელი "კარპატიში" "გაანათხოვრა", თავი ბანკროტად გამოაცხადა და ქართული მხარის საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებული პრეტენზია ლვოვში საყოველთაო დავიწყებას მიეცა.

 

საფეხბურთო კლუბმა "ზესტაფონმა" ამ საქმესთან დაკავშირებით მიმართა ფიფას შესაბამის ინსტანციებს. საქმის ხანგრძლივი შესწავლისა და განხილვის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ფიფას დავათა განმხილველმა პალატამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა თავის ვერდიქტი და, მურთაზ დაუშვილის აღზრდისა და მომზადებისათვის გაწეული ხარჯების საკომპენსაციოდ, ლვოვის საფეხბურთო კლუბ "კარპატის" საფეხბურთი კლუბ "ზესტაფონისათვის" 295 000 ევროს გადახდა დააკისრა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ფიფას დავათა განმხილველი პალატის ამ გადაწყვეტილებამ უკრაინულ და რუსულ ინტერნეტსივრცეშიც დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ზესტაფონელთა სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებენ ისეთი ავტორიტეტული გამოცემები, როგორებიცაა "სპორტ-ექსპრესი", "football.ua", საინფორმაციო სააგენტო "ვესტი" და ა.შ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013