Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

13.11.2013

 

 

 

 

 

 

 

"ზესტაფონის" პრეზიდენტის პრესკონფერენცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

12 ნოემბერს საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ იმერული კლუბის თბილისის ოფისში გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც საუბარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობას, ფეხბურთისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულებას და მრავალ სხვა პრობლემატურ საკითხს შეეხო...

 

"ლელო" ადრეც წერდა იმის შესახებ, რომ ამ კლუბის ფეხბურთელმა თორნიკე გორგიაშვილმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მოითხოვა, რადგან "ზესტაფონმა" მას ორი თვის ხელფასი დაუგვიანა.

გორგიაშვილმა ჯერ ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტში შეიტანა სარჩელი (კომიტეტმა ფეხბურთელის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა), მერე კი სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა საქმე - საბოლოოდ, გორგიაშვილს თავისუფალი აგენტის სტატუსი მისცეს.

ილია კოკაია: " იმედი მქონდა, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ ეს იმედიც გადამეწურა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ "ზესტაფონზე", აქ მთლიანად ქართული ფეხბურთის ყოფნა-არყოფნის საკითხია.

პირველი - არასამართლიანად ხდება საფეხბურთო კლუბების დაფინანსება, კერძო კლუბების ინტერესები უგულებელყოფილია... მუნიციპალურმა გუნდებმა ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი დახარჯეს, არადა ჯერ ნახევარი სეზონიც არ არის გასული. ეს გუნდებია - "სიონი", "დილა", "გურია". როგორც შევიტყვე, მარტვილმა 51 % სახელმწიფოს გადასცა. გამოდის, რომ გუბერნატორების შეჯიბრებაში ვიღებთ მონაწილეობას. არცერთ კერძო ინვესტორს სახელმწიფოსთან "ომის" მოგება არ შეუძლია. იშვიათი გამონაკლისი ყოფილა ასეთი... ამ შემთხვევაში მე ამის საშუალება არ მაქვს, რომ ჩემი ფულით სახელმწიფოს ვებრძოლო. კლუბს აქვს გადასახდელი 30 ათასი ლარი, ეს არ არის დიდი თანხა, მაგრამ ეს თანხა მიდის ცენტრალურ ბიუჯეტში, რომელსაც შემდეგ ფინანსთა მინისტრი აიღებს და გადასცემს სხვა კლუბებს, ანუ ეს ფული "ზესტაფონს" შემოუბრუნდება.

 

მეორე - ასეთ დროს ფეხბურთის ფედერაცია ყველაფრის ამის მოსაწესრიგებლად არაფერს აკეთებს... საქართველოში ძალიან ბევრი ფეხბურთელთა დამცველი ორგანიზაცია შეიქმნა, მაგრამ დღემდე ვერ ვნახე კერძო კლუბის დამცველი ორგანიზაცია. კლუბის დამცველი უნდა იყოს ან პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ან ფეხბურთის ფედერაცია. დღეს შევიტყვეთ გადაწყვეტილება ჩვენი ერთ-ერთი ფეხბურთელის შესახებ, რომელსაც დაუგვიანდა 2 თვის ხელფასი, როდესაც წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატში 8–9 თვეც აგვიანებენ ხელფასს!

მესმის მათი, ვინც ამბობს "რა ქნას საწყალმა ფეხბურთელმაო?". მე გეკითხებით, რა ქნას საწყალმა ინვესტორმა, რომელიც მილიონებს ხარჯავს? ჩვენი ერთადერთი შემოსავალი არის ტრანსფერები. ამ გადაწყვეტილებით ფედერაციამ საფრთხეში ჩააყენა არა მარტო "ზესტაფონი", არამედ საერთოდ კონტრაქტების სისტემა ფეხბურთში. მე ამ საკითხზე ციურიხში, იურისტებთან მქონდა კონსულტაცია, მათ აღიარეს, რომ საკმაოდ რთული საქმეა შეინარჩუნო კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის იურიდიული ძალა. კი, ადამიანი არის თავისუფალი, სადაც უნდა, იქ იმუშავებს. ფეხბურთში ეს სხვანაირადაა განსაზღვრული, მე მიმაჩნია, რომ ეს სწორია, რადგან კლუბი ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს მოთამაშის აღზრდაში, რადგან მიიღოს შემოსავალი, ეს მიღებული ფორმულაა. სამწუხაროდ, ფედერაციამ ეს პრინციპი დაარღვია და ამით ყველა კლუბს შეექმნა საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერ ფეხბურთელს ნებისმიერ დროს შეუძლია გაწყვიტოს კონტრაქტი კლუბთან, ამ დროს კონტრაქტის არსებობის საფუძველი ირღვევა.

 

არის სახელმწიფოს მიდგომა ფეხბურთის მიმართ და ფედერაცია, რომელიც არის აბსოლუტურად "კასტრირებული" ორგანო. როდესაც უძლური ხარ და ვერაფერს აკეთებ, თავს მაინც არ გავიმასხარავებ. თან როდესაც შენი თანამშრომლები გიკეთებენ იმას, რაც დღეს იურიდიულმა სამსახურმა გააკეთა. იურისტი, რომელიც გიწერს გადაწყვეტილებაში, ციტირებას გავუკეთებ ამ ნაწილს, "ფეხბურთი ეს არის მსოფლიო ხალხების მიერ აღიარებული, ერთერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი პლანეტის ულამაზესი სპორტი, არავინ იცის როგორი იქნება ჩვენი პლანეტა, რომ არ არსებობდეს სპორტის ეს უმშვენიერესი სახეობა, რომელიც მაყურებელთა რეალიზაციის შემთხვევაში, წარმოჩინდება არა მხოლოდ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობიდან შექმნილი პროდუქტი". მითხარით, ეს იურისტების დაწერილია თუ ბელეთრისტების ?! აი, ეს ხალხი წყვეტს დღეს ფეხბურთელის ბედს. ბევრი ფეხბურთელი მოსულა და წასულა. გუშინ მკითხეს გორგიაშვილზე, საბოლოოდ რას აპირებო, ალბათ გავუშვებ-მეთქი, გავუშვებდი... თვითონ პრეცედენტი არ უნდა დაიშვას, მაგრამ ვის რად უნდა ერთი წლის უთამაშებელი ფეხბურთელი?!

ფედერაციის სახით ჩვენ არ გვყავს დამცველი ორგანო. ერთ მაგალითს გეტყვით, ბოლნისის "სიონს", რომელსაც 4 თვეა ხელფასი არ აუღია, მაინცდამაინც ჩვენი თამაშის წინ გადაუხადეს თანხა და მოგებაზე პრემიები დაუნიშნეს 1500 ლარი, რაც 20 ფეხბურთელზე თუ ავიღებთ 30 000 ლარია. რა გამოდის? იმ 30 000 ლარს, მე რომ უნდა გადავუხადო სახელმწიფოს, ხადური გადაურიცხავს ბოლნისის გამგეობას და ხვალ მე დამაჯახებს ამ ფულს?!

 

როდესაც ინვესტორი მოდის ფეხბურთში, პირველად კითხულობს თუ რა კანონებია ქვეყანაში, მე რომ მოვდიოდი, ვიცოდი, რომ საქართველოში კერძო კლუბებს არ აქვთ შემოსავალი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, არც ბილეთების რეალიზაციით და საიდან, როგორ უნდა მიგეღო უკუგება? ერთადერთი შემოსავალი, რაც გვექნებოდა იყო ის, რომ გაგვეზარდა ფეხბურთელი და შემდეგ  გაგვეყიდა. იმ ხალხს, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ ესმის, თუ რა გააკეთა, ამაში კი მათ ფედერაციამ შეუწყო ხელი.


აქედან გამომდინარე, მე დღეს მქონდა მცდელობა დავკავშირებოდი ფედერაციის პრეზიდენტს, რომელიც არ მპასუხობდა. წარმომადგენელიც გავუგზავნე, მაგრამ მან განუცხადა, რომ ბანკში ჰქონდა საქმე და ჩვენთვის არ ეცალა... რადგან ასეა, გადავწყვიტე მას საჯაროდ მივმართო. ბატონო ზვიად! თქვენ გაქვთ საშუალება დღეს, ქართული ფებხურთი რომ იხსნათ - თქვენ უნდა გადადგეთ თანამდებობიდან! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებ უფლებას, რომ ამას მე გავაკეთებ. თუ რა მოჰყვება ამას, ეს უკვე მეორე საკითხია. ჩემს კოლეგებს კი მივმართავ, დაფიქრდნენ, რაში ყრიან ფულს...

ფედერაციის პრეზიდენტმა იცის, რომ ის არის დანიშნული პრეზიდენტი და არანაირი ძალა არ გააჩნია. წარმოუდგენელია, ასეთმა კაცმა შეძლოს ამ მეურნეობის გაძღოლა".

- სხვა კერძო კლუბებთან ერთად არ გიცდიათ სოლიდარული პოზიციის შემუშავება?
- არა მგონია, მათ არ გაიზიარონ ჩემი პოზიცია. სამწუხაროდ, ფეხბურთის ფედერაციაში არ იციან, თუ როგორ შეინარჩუნონ ინვესტორი.

იცით, რომ თბილისის ზღვაზეც ვაპირებდი საფეხბურთო ბაზის აშენებას, არსებობს ჩვენი კლუბის ბაზა ზესტაფონშიც და შემიძლია, ეს ყველაფერი საჩუქრად გავცე. ფედერაციაში ისიც არ იციან, როგორ იჩუქონ ის, რაც სჭირდებათ...

პირადად არავის მიმართ მაქვს პრეტენზიები, უბრალოდ, პრეზიდენტის პოსტი მისთვის არ არის. ფედერაციის სათავეში ის უნდა მივიდეს, ვინც რეალურად მიხედავს საქმეს...


იბეჭდება მცირე ცვლილებებით ...

მომზადებულია www.sportall.ambebi.ge-ს და www.geosports.ge-ს პუბლიკაციების მიხედვით

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013