Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

10.11.2013

 

 

 

 

 

 

 

სანახაობრივი მატჩი დრამატული ფინალით

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთორმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერს, თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” უმასპინძლა.

 

სანამ დღევანდელი მატჩის პერიპეტიებზე წერას შევუდგებოდეთ, გვინდა მოგახსენოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონისათვის" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამართული 300-ე მატჩი გახლდათ. ასევე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ გუნდის კაპიტანმა როინ კვასხვაძემ ზესტაფონელთა მაისურით დღეს 150-ე მატჩი ჩაატარა.

 

იმერულ გუნდში გია გეგუჩაძის დაბრუნებამ ადგილობრივ გულშემატკივარში დადებითი რეზონანსი გამოიწვია და უნდა ითქვას, რომ დღეს, წინა მატჩებისგან განსხვავებით, ზესტაფონის მთავარ საფეხბურთო არენაზე საკმაო რაოდენობის ქომაგი მოვიდა.

 

ზესტაფონელებმა შეხვედრა აქტიურად კი დაიწყეს, თუმცა 16-ე წუთზე მდევრის როლში აღმოჩნდნენ - დინამოელთა შეტევის მარცხენა ფლანგიდან გიორგი მერებაშვილის ჩაწოდებას თბილისელთა რუმინელი ლეგიონერი დორინ გოგა გამოეხმაურა და ბურთი მასპინძელთა კარის ბადეში თავით გადაგზავნა. მალევე ანგარიშის გათანაბრება საბა ლომიას შეეძლო, თუმცა სახიფათო პოზიციიდან მისი უძლიერესი დარტყმული გიორგი ლორიამ, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოიგერია.

 

თბილისელთა კარის აღება შორიდან დარტყმებით გიორგი ჭანკოტაძემ და თორნიკე გრიგალაშვილმა სცადეს, საბა ლომიას თავით დარტყმულს კი დინამოელთა გოლკიპერი დაეუფლა. მალევე "დინამოს" კართან სახიფათო სიახლოვეს მყოფი ლევან კუტალიას გასროლა თავის თავზე სტუმართა მცველებმა აიღეს, ტაიმის ბოლო წუთზე კი რენე ფერეირას თავური ასცდა დინამოელთა ფაქტიურად დაუცველ კარს ...

 

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მასპინძლები სტუმართა კარის გასაღების ძიებას კიდევ უფრო აქტიურად შეუდგნენ და რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს თბილისელთა კართან. 62-ე წუთზე კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც დღევანდელი მატჩს მიმდინარეობაზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა - შეხვედრის სირიელმა არბიტრმა აბდულა ბასლეჰლომ მეორე ყვითელი ბარათი აუფრიალა იმერელთა მცველ გიორგი კაჭკაჭიშვილს და "ზესტაფონი" მოედანზე 10 კაცის შემადგენლობით დატოვა.

 

გია გეგუჩაძეს შემადგენლობაში იძულებით ცვლილებების განხორციელება მოუწია. ამის მიუხედავად, მასპინძლები ისევ მომართულნი იყვნენ მატჩს სიუჟეტის სათავისოდ შესაცვლელად, ანგარიშის გათანაბრების შანსი გიორგი ჭანკოტაძესა და ილია კანდელაკს ერთსა და იმავე შეტევაში მიეცათ, ვახტანგ ჭანტურიშვილი შორიდან ურტყავდა სახიფათოდ, ილია კანდელაკის დარტყმის შემდეგ კი გიორგი ლორიას მთელი თავის ოსტატობის დემონსტრირება მოუწია.

 

გოლის გატანის შანსი სტუმრებსაც მიეცათ - დასარტყმელ პოზიციაზე დარჩენილი ელგუჯა გრიგალაშვილის დარტყმული ჯერ როინ კვასხვაძის კარის ძელს მოხვდა, განმეორებითი დარტყმა კი უკვე თავად ზესტაფონელთა კიპერმა მოიგერია. მარგველებმა ამ შეტევას ლევან შარიქაძისა და ვახტანგ ჭანტურიშივილის შორიდან დარტყმებით უპასუხეს.

 

კაცნაკლულ ზესტაფონელთა ჟინმა და ბრძოლისუნარიანობამ შედეგი მატჩის 87-ე წუთზე მოიტანა - მალხაზ გაგოშიძის წამოწყებული შეტევა ლევან შარიქაძეზე გურამ სამუშიას მახვილგონივრული გადაცემითა და შარიქაძის დინამოელთა საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებით გაგრძელდა, იქ კი ყველას ვახტანგ ჭანტურიშივილმა დაასწრო და ბურთი გიორგი ლორიას კარში თავით გადაგზავნა.

 

თბილისელებმა გამარჯვების მომტანი გოლი არბიტრის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე გაიტანეს - სტუმართა ერთ-ერთი ბოლო შეტევის ჩაშლისას მასპინძელთა მცველებმა ბურთის თავის საჯარიმოდან ხეირიანად ამოტანა ვერ მოახერხეს და გიორგი გველესიანმა "დინამოს" 3 ქულა მოუტანა. დასანანი მარცხის (1-2) მიუხედავად, დავით აბაშიძეზე დღეს საღამოს შეკრებილმა პუბლიკამ თავის გუნდი მოედნიდან ოვაციით გააცილა.

 

მატჩის შემდეგ ("მსოფლიო სპორტი"):

დუშან უჰრინი (“დინამო”) – “პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით და მეტი გოლის გატანა გვმართებდა. მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც მეტოქეს კაცი გაუგდეს, ჩემმა ფეხბურთელებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყეს ფიქრი. გოლის გაშვების შემდეგ საბედნიეროდ ბიჭებმა ბრძოლისუნარიანობა გამოვლინეს და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ”.

 

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონი”) -  “დასანანი მარცხი ვიწვნიეთ ბოლო წუთებზე. რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით, მაგრამ გათანაბრება მაინც მოვახერხეთ. წაგება მაინც გამოუცდელობის ბრალია, მოგეხსენებათ გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვიცი რომ ქომაგებს შედეგის ხილვა დაუყონებლივ სწადიათ, მაგრამ ეს ძალიან რთული გასაკეთებელია. ერთი რამ შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ყოველთვის ასეთი ანთებული თვალებით ითამაშებენ”.

 

10.11.2013. ”ზესტაფონი” - ”დინამო” (თბილისი) 1-2

დაწვრილებით:

 

 

 
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013