09.11.2013
დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტური
9 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთორმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”დინამოს” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, რობაქიძე, თედორე გრიგალაშვილი (ნაცვლიშვილი, 63), კუპრაშვილი (გიორგაძე, 88), გოგია (ჩუბინიძე, 88), ახალაძე, ბარბაქაძე (ომარ გრიგალაშვილი, 72), მაკარიძე, კვარაცხელია (ეგუტიძე, 82), კიკნაველიძე, მიქელთაძე.
იმის მიუხედავად, რომ მასპინძლებმა ოპონენტს გაცილებით ახალგაზრდული შემადგენლობა დაუპირისპირეს, "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" დუბლიორთა შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მას შემდეგ, რაც გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს, მარგველთა დაწინაურების ძალიან კარგი შესაძლებლობა ნახევარმცველ ბექა მიქელთაძეს მიეცა, თუმცა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან მისი დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.
პირველის მსგავსად, შეხვედრის მეორე ნახევარიც თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანაგარიშის სათავისოდ შეცვლის შანსები ორივე მხარეს მიეცა, თუმცა საბოლოოდ, დღევანდელი დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა - 85-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და, ირაკლი ლექვთაძის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ზესტაფონელთა ახალგაზრდა გოლკიპერ გია მახათაძესთან პირისპირ გასულმა ლაშა შინდაგორიძემ თბილისელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. დინამოელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |