2013 წლის 5 ნოემბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მიერ ორგანიზებული პრესკონფერენცია გაიმართა. იმერულის კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა საზოგადოებას ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა.
დღეიდან საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გიორგი გეგუჩაძე უხელმძღვანელებს. ყველაზე წარმატებულმა ქართველმა მწვრთნელმა, რომელმაც 2004-2005 წლების სეზონში თბილისის "დინამოსთან" ერთად დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ შედეგს (თბილისელებმა მაშინ უეფას თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზეს) მიაღწია, 2008-2011 წლებში ზესტაფონში წარმატებით იმუშავა. სწორედ გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მარგველები პირველად გახდნენ საქართველოს ჩემპიონები და სისტემატიურად ასპარეზობდნენ ევროპულ საკლუბო ტურნირებში. საფეხბურთო სამყაროს იმ გუნდმა თავი სანახაობრივი და შემოქმედებითი ფეხბურთით დაამახსოვრა, მეტოქეთათვის კი მრისხანე და უძლეველ ძალად ჩამოყალიბდა. ბოლო 2 სეზონი გია გეგუჩაძემ ქუთაისის "ტორპედოს" მესაჭის თანამდებობაზე გაატარა - იმ ფორმაციის სიმპატიურმა ქუთაისურმა გუნდმა საკლუბო ისტორიას ბრინჯაოს მედლების ორი კომპლექტი შემატა.
სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა 2014 წლის 1 იანვარს იწურება, თუმცა, მხარეები უკვე შეთანხმებულნი არიან თანამშრომლობის ორი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაზე.
თავის მხრივ, გიორგი გეგუჩაძემ საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” თავის ასისტენტები, მეკარეთა და ფიზიკური მომზადების მწვრთნელები წარუდგინა:
ზესტაფონელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებენ 40 წლის სპეციალისტი გურამ ასპინძელაშვილი, რომელიც თავის დროზე ზესტაფონელთა დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და 35 წლის ლევან ბაჯელიძე, რომელიც იმერულ კლუბში ამ პოზიციაზე ზაფხულის შემდეგ საქმიანობს.
რაც შეეხება ზემოიმერული კლუბის მეკარეთა მწვრთნელს, ამ თანამდებობაზე დანიშნულია დავით ჯანელიძე. ფეხბურთელთა ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას კი ზესტაფონელთათვის კარგად ნაცნობი სერბი სპეციალისტი ივან ვუჩეტიჩი დაუბრუნდება...
* * *
გია გეგუჩაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა...
- 5 დეკემბერს მთავრდება მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი და ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შემუშავდეს სამომავლო სტრატეგია. ამ პერიოდში უნდა გაკეთდეს ანალიზი იმის თაობაზე, თუ რა არის საჭირო გუნდის გაძლიერებისთვის. შემდეგ ყველა საკითხი უნდა გავიაროთ კლუბის ხელმძღვანელობასთან და კონკრეტული მიზანიც დავსახოთ.
ამ ეტაპზე მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ექვსეულში მოვხვდეთ. ეს არის აუცილებელი კლუბის მომავალი განვითარებისთვის.
- მას შემდეგ, რაც "ზესტაფონიდან" წახვედით, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. ალბათ, თვალყურს ადევნებდით გუნდის ბოლოდროინდელ თამაშებს. აპირებთ ახალი ფეხბურთელების მოწვევას?
- ახლა ამაზე კონკრეტული ლაპარაკი გამიჭირდება. დღევანდელი გუნდის ბევრ ფეხბურთელს კარგად ვიცნობ, საწვრთნელ პროცესში კი ყველას უფრო ახლოს გავიცნობ. მწვრთნელებისგან მათ სრული ნდობა აქვთ.
რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ რადგან გეგუჩაძე მოვიდა, ისინი საჭირონი აღარ იქნებიან. თუ ლეგიონერი აუცილებელ დონეს დააკმაყოფილებს, გუნდში აუცილებლად იქნება.
- რა არის პირადად თქვენი მოტივაცია "ზესტაფონში"? 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრიულ "შტურმთან" ცოტა დაგაკლდათ მიზნის მიღწევამდე...
- ძალიან დიდი სამუშაო გველის წინ და ამის არ გვეშინია. თუ "ზესტაფონის" გულშემატკივარს ჩვენს ძველ საქმიანობაზე რაღაც კმაყოფილების გრძნობა გააჩნდა, ახლა უფრო მომთხოვნი იქნება.
გამოჩნდება სირთულეები და მათი გადალახვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მეტი გვინდა და ეს, ალბათ, ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა უნდა იყოს.
ეს ფეხბურთია და ხშირად დროში გაწერილ, თანმიმდევრულ პოლიტიკას სასურველი შედეგი მაინც ვერ მოაქვს. ბევრი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო, რომ მიზანს მივაღწიოთ. იმედია, ფორტუნაც ჩვენს მხარეს იქნება.
"ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე
"ზესტაფონის" სპორტული დირექტორი მიხეილ ხუციშვილი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს
ივან ვუჩეტიჩი, გურამ ასპინძელაშვილი და გია გეგუჩაძე
ივან ვუჩეტიჩი, გურამ ასპინძელაშვილი და გია გეგუჩაძე