04.11.2013
დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტური
4 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთერთმეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე ბოლნისის ”სიონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, ნაცვლიშვილი, შალამბერიძე (ჩუბინიძე, 74), კუპრაშვილი, გოგია (ჭეიშვილი, 78), ახალაძე, კვარაცხელია (ბარბაქაძე, 67), კიკნაველიძე (ეგუტიძე, 65), მაკარიძე, კვერნაძე (მიქელთაძე, 46).
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და ეს უპირატესობა ბოლნისელთა კარში გატანილ ორ გოლში აისახა - ანგარიში 33-ე წუთზე ნოდარ კიკნაველიძემ გახსნა, 36-ე წუთზე კი ოთარ კვერნაძემ ის ორამდე გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე კომბინაციაში აქტიური მინაწილეობა მიიღო და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა მასპინძელთა გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველმა გიორგი მაკარიძემ.
მატჩის პირველ ნახევართან შედარებით, მეორე ტაიმი უფრო თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. ანგარიშის სათავისოდ შეცვლის შესაძლებლობები როგორც იმერლებს, ასევე ქვემოქართლელებს მიეცათ, თუმცა შეხვედრის პირველ ნახევარში დაფიქსირებული ანგარიში უცვლელი დარჩა - ზესტაფონელთა გამარჯვება ანგარიშით 2-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |