მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრები. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ბოლნისის ”სიონს” უმასპინძლა.
როგორც მოგეხსენებათ, რატკო დოსტანიჩის იმერული კლუბიდან წასვლის შემდეგ, გუნდის მესაჭეთა ფუნქცია დროებით ლევან ბაჯელიძესა და კლუბის დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელს გიორგი მიქაძეს დაეკისრათ. ბოლნისელებთან რამდენიმე დღის წინ გამართული სათასო მატჩის შემდეგ, მწვრთნელებმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელეს და მაყურებელთა წინაშე საქართველოს ორგზის ჩემპიონები ფაქტიურად უცვლელი შემადგენლობით წარსდგნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა. უკვე მატჩის დებიუტში თავის გუნდის დაწინაურება ლევან შარიქაძეს შეეძლო, მაგრამ მის მიერ ოსტატურად შესრულებული სტანდარტის შემდეგ ბურთი ბოლნისელთა კარის ძელს მოხვდა. მიზანთან ახლოს იყო მასპინძელთა ნახევარმცველი ლევან კუტალიაც, თუმცა მას გადამწყვეტი დარტყმა დაუგვიანდა და სახიფათო სიტუაცია სტუმართა მცველებმა გაანეიტრალეს. შორიდან გასროლით დაემუქრა "სიონის" კარს ვახტანგ ჭანტურიშვილი, მაგრამ ბურთი მირზა მერლანის ნადავლი გახდა.
ტაიმის დასკვნით ნაწილში იმერელთა დაწინაურების ზედიზედ ორი შესაძლებლობა საბა ლომიას მიეცა - თუ პირველ შემთხვევაში მისი თავური ოდნავ არაზუსტი გამოდგა, მეორეში ისევ სტუმართა მეკარემ ითამაშა უშეცდომოდ. 43-ე წუთზე მატჩის არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ზესტაფონელთა მცველ თედორე გრიგალაშვილს დაატოვებინა. ცხადია, რომ რიცხობრივ უმრავლესობაში დარჩენილ სტუმრებს ამ გარემოებამ საქმე მნიშვნელოვნად გაუიოლა...
მეორე ტაიმი უფრო თანაბარი გამოდგა, თუმცა მასპინძლებმა სტუმართა კართან რამდენიმე სახიფათო იერიშის განხორციელება მაინც მოახერხეს - გოლის გატანასთან ახლოს რენე ფერეირა, ვახტანგ ჭანტურიშვილი და გურამ სამუშია იყვნენ, თუმცა სამივე ამ ეპიზოდში მასპინძლებს სიზუსტემ უმტყუნა. რაც შეეხება იმ ეპიზოდს, როდესაც, შეტევის მარცხენა ფლანგიდან ილია კანდელაკის ზუსტი გადაცემის შემდეგ, სტუმართა კარში შეუჩერებლად ლევან შარიქაძე ურტყავდა, აქ ბოლნისელთა მხარეს სპორტული იღბალიც აღმოჩნდა. მატჩის ბოლოს შეტევაში გართულ მასპინძლებს ქვემოქართლელთა კონტრშეტევა გაეპარათ და თავის ოსტატობის დემონსტრირება უკვე ზესტაფონელთა გოლკიპერ როინ კვასხვაძესაც მოუხდა. შედეგად, დასანანი ფრე 0-0.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპატიო სტუმართა სექტორიდან დღევანდელ მატჩს თვალს ადევნებდნენ გია გეგუჩაძე, გურამ ასპინძელაშვილი და დავით ჯანელიძე...